პირველად 15 წლის განმავლობაში საქართველოსა და "გაზპრომს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები შეიცვალა.
თუ აქამდე სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ქართული მხარე "გაზპრომისგან" გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იტოვებდა, ამიერიდან ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება 2-წლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნედლეულით ანაზღაურების ფორმა ნაწილობრივ დარჩება, ხოლო მომდევნო წლიდან ანაზღაურება ფულადი ანგარიშსწორებით გაგრძელდება. საქართველოს ხელისუფლება ხელშეკრულების პირობებს არ ახმაურებს კომერციული საიდუმლოების მომიზეზებით. შესაბამისად, მხოლოდ პირთა ვიწრო წრემ იცის, რა თანხას მიიღებს საქართველო სომხეთში გატარებული გაზის სანაცვლოდ, თუმცა მთავრობა გვარწმუნებს, რომ პირობები ოპტიმალურია. ის, რაც დანამდვილებით ვიცით და ამის უარყოფას არც ხელისუფლება ცდილობს, ის არის, რომ ტრანზიტისთვის მიღებული თანხით იმდენ გაზს ვეღარ ვიყიდით, რამდენიც "ნატურით" გვრჩებოდა.
ხელშეკრულების პირობების შეცვლა "გაზპრომს" შარშანაც სურდა, მაგრამ ქართულმა მხარემ მაშინ არსებული, ბევრად მომგებიანი პირობების შენარჩუნება შეძლო. მთავრობას წინ საარჩევნო წელი ედო და შესაბამისად, მეტი სტიმული და მონდომება ექნებოდა, რომ ოპოზიციისთვის ნიშნის მოგების საბაბი არ მიეცა. წლეულს ოპოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შარშანდელზე ბევრად უფრო პასიურია. მმართველი გუნდი ამ მოლაპარაკებებში მთავარ მიღწევად ქვეყნის მოხმარებაში რუსული გაზის კლების ტენდენციას ასახელებს და იმასაც, რომ საჭიროების შემთხვევაში, საქართველო რუსეთისგან გაზს არა 215 დოლარად, არამედ 185-ად შეიძენს. თუმცა, რა იქნება მომავალში და კიდევ როდის მოინდომებს რუსული "გაზპრომი" საქართველოსთან თამაშის წესების შეცვლას, ამის პროგნოზირება უმადური საქმეა.
მთავრობაში არ მალავენ, რომ "გაზპრომს" სურდა, საქართველოს რუსული გაზი არა მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში შეეძინა (ზამთარში აზერბაიჯანიდან მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა გაზრდილ მოხმარებას ვერ აკმაყოფილებს), არამედ გეგმურადაც ეყიდა, რასაც ამ ეტაპზე ქართული მხარე არ დათანხმდა. თუმცა რუსეთს იმედი აქვს, რომ საქართველო მის ენერგეტიკულ ორბიტაზე დაბრუნდება და კლების ნაცვლად, ჩვენი ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე გაიზრდება.
რუსული გამოცემა "ვზგლიადისთვის" მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის გენერალური დირექტორი კონსტანტინ სიმონოვი შორს მიმავალ სურვილებს არც მალავს: "საქართველო ჩვენთვის პატარა ბაზარია, მაგრამ მახსოვს, როგორ გამოიყენებოდა საიმიჯოდ საქართველოს გადასვლა რუსულიდან აზერბაიჯანულ გაზზე - "შეხედეთ, საქართველოსაც კი შეუძლია რუსული გაზის გარეშე ცხოვრება". ამ თვალსაზრისით საქართველოს დაბრუნება დიდი პლუსია. ის ტლინკებს ყრიდა, იბუტებოდა, მაგრამ ახლა მოვილაპარაკეთ და ბიზნესს განვაგრძობთ".
"გაზპრომის" ხელშეკრულების არ იყოს, არც საზღვართან მოსული აზერბაიჯანული გაზის ფასია საჯაროდ ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციით, რაკი საქართველო აზერბაიჯანული გაზისთვისაც ტრანზიტული ქვეყანაა, ამიტომ 500 მილიონ კუბმ აზერბაიჯანულ გაზს ჩვენ 64 დოლარად ვყიდულობთ, 250 მილიონ კუბმ-ს - 55 დოლარად, კიდევ 500 მილიონს - 189 დოლარად, ხოლო უფრო მეტისთვის კი საბაზრო ფასს - 237 დოლარს ვიხდით 1000 კუბმ-ში. რუსეთს არ ავიწყდება ხაზგასმა, რომ საქართველოსთვის შეთავაზებული გაზის საბაზრო ფასი აზერბაიჯანულზე ნაკლებია, მაგრამ იმედია, საქართველოს მთავრობას ახსოვს, რომ რუსულ გაზს მცოცავი ანექსიის სუნი აქვს.
რევაზ არველაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი:
- შარშან "გაზპრომის" სხვაგვარი პირობები და შემოთავაზებები იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცავდით პოზიციას, რომ გაზის 10%-ის მოწოდება დარჩენილიყო, რადგან "გაზპრომისგან" წინადადება, სულ ცოტა, სამჯერ უარესი იყო. დღეს არ ვიცით, რამდენია დაფიქსირებული ფასი. ხელშეკრულების ერთი მხარე ითხოვს, რაღაც ნაწილი კონფიდენციალური იყოს, მეორე მხარეს კი გამჟღავნების უფლება არა აქვს. რა ფასს გადაგვიხდის "გაზპრომი" იმ 200 მილიონი კუბმ-ის სანაცვლოდ, რომელსაც ტრანზიტში ვიღებდით, ცნობილი არ არის, თუმცა ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ დიდად განსხვავებული არ იქნება იმისგან, რასაც ნატურით ვიღებდით. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეს მიღწევაა და არა რაღაც ჩავარდნა. რატომ? "გაზპრომი", როგორც ამ საქმის მონაწილე, ჯერ არც არსებობდა, როცა 1996-1997 წლებში აშშ-ის საელჩო და საერთაშორისო განვითარების სააგენტო პირდაპირ, საკმაოდ მკაცრად გვიყენებდა მოთხოვნებს, რომ გაზის ტრანზიტისთვის 10%-იანი ანაზღაურება არ შეიძლება დაწესდეს 200-კილომეტრიან მონაკვეთზე, სასწრაფოდ ჯერ 7%-ზე უნდა ჩამოსულიყო, შემდეგ - 5%-ზე. ჩვენ ვუმტკიცებდით, რომ მილსადენები ხევებზე თოკებივით იყო გადაკიდებული და დანაკარგი 10-12%-ს აღწევდა. ახლა ყველაფერი მოწესრიგებულია, დანაკარგიც 2%-ზეა ჩამოსული.გატარების ტარიფიც არსებობს, არის საერთაშორისო ნორმები, რომლებიც 1000 კუბმ-ის ყოველ 100 კილომეტრზე გატარებისთვის კონკრეტულ თანხას ითვალისწინებს და ის, რაც შარშან "გაზპრომმა" შემოგვთავაზა, არ იყო მისაღები.
ყველა, ვისაც ვუსმენდი ამ საკითხთან დაკავშირებით, ცდილობს ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი შესძინოს. თუმცა, მეორე მხრივ, ნახეთ, რას ამბობს "გაზპრომი", თუ არ გსურთ, არ გავატარებ გაზს თქვენს ტერიტორიაზეო. უკვე 2017 წელს შეუძლია, გაზის საჭირო მოცულობის ნახევარი სომხეთს ირანიდან მიაწოდოს, ხოლო 2018 წლის ბოლოს მოთხოვნა მთლიანად დააკმაყოფილოს ამ მარშრუტით. რა გამოდის, საქართველო ფულისა და გაზის გარეშე რჩება? აქედან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობამ, როცა ამგვარი ვითარებაა და სხვა გამოსავალი არ არის. ჩვენ გვაქვს მეორე გაზსადენი, რომლითაც გაზს თურქეთს ვაწვდით და მომავალში შეიძლება გაზი ამ მარშრუტით ევროპისკენაც წავიდეს. ამ გაზსადენზე გატარებული გაზის სანაცვლოდ, რომელიც ოდნავ გრძელია, ვიდრე სომხეთისკენ მიმავალი, გატარებული გაზის 5%-ს ვიღებთ ნატურით. შესაბამისად, ლოგიკაში ჯდება, რომ "გაზპრომს" ეს საკითხი წამოეჭრა.
ითქვა ისიც, რომ ცვლილება გაზის ტარიფს გაზრდის და რომ ეს პროცესი დამანგრეველია. რა მოცულობის გაზს ვიღებთ დღეს რუსეთიდან? სომხეთის მოხმარება დაახლოებით 2 მილიარდი კუბმ-ია და აქედან ჩვენ 200 მილიონამდე კუბმ გვრჩება. საქართველოს მოხმარება უკვე 2,5 მილიარდ კუბმ-ზეა ასული და მასში რუსული გაზის წილი 8-10%-ია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოხმარება იზრდება, წილის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება.
დღევანდელი კონტრაქტიდან გამომდინარე, გაზის ტარიფი არ გაიზრდება, მაგრამ ლარის კურსის ცვლილების პირობებში, რომელიც აგერ 1,75-დან 2,72-მდე გაიზარდა, ძნელია დაჰპირდე მოსახლეობას, რომ გაზის ფასი არ შეიცვლება.
მურმან მარგველაშვილი, "მსოფლიოს გამოცდილება საქართველოსთვის" დირექტორი ენერგეტიკულ საკითხებში: - "გაზპრომთან" მოლაპარაკება მიმდინარეობდა ერთი-ერთზე, დახურულ რეჟიმში, მომზადებული სტრატეგიის, რისკების ანალიზის, გათვლილი სცენარების, კვალიფიციური ადგილობრივი ან საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის, პოლიტიკური მოკავშირეებისა და საზოგადოებრივი თანამონაწილეობის გარეშე, რაც არ იძლევა საკმარის წინა პირობას, რომ სრულად იყოს დაცული ქვეყნის ინტერესები და მიღწეულ იქნეს საუკეთესო შესაძლო შედეგი. გაუმჭვირვალე გარემოში ბუნებრივად ჩნდება კითხვები:
რატომ არ შეიცვალა პირობები შარშან და რა არგუმენტებმა აიძულა რუსეთი, საქართველოსთვის მომგებიანი პირობები შეენარჩუნებინა? რატომ ვერ გამოვიყენეთ წლეულს იგივე არგუმენტები და წლევანდელი ცვლილება წინა წლის მოლაპარაკებებზე ხომ არ შეთანხმდა?
სამინისტრო არ ასახელებს ტრანზიტის ფულად საზღაურს და მას "კომერციულ საიდუმლოდ" აცხადებს. დიდი ალბათობით, სხვა დაინტერესებული მხარეები საკუთარი არხებით ადვილად მიიღებენ ინფორმაციას ამ ფასის შესახებ. ამასთან, ტრანზიტის საფასური არის არა სემეკის მიერ დადგენილი, არამედ სამინისტროს მიერ მოლაპარაკებით მიღწეული და სავარაუდოდ, მასში არ არის სრულად ასახული ტრანზიტთან დაკავშირებული წარსული და მომავალი ხარჯები.
რუსეთისგან გაზის შესყიდვის შეთანხმებული ფასი (185 დოლარი 1000 კუბმ-ზე) პოლიტიკურია და აღემატება სომხეთისთვის (165 დოლარი) და თუნდაც გერმანიისთვის (160 დოლარი) მიწოდებული გაზის საფასურს. ამასთან, არ ფორმდება შესყიდვის ხელშეკრულება გაზის ფიქსირებულ მოცულობაზე, შენარჩუნებულია გაზის ბაზრის არაბუნებრივი დაყოფა სექტორებად და სავარაუდოდ, "სოკარი" რჩება მონოპოლისტად კომერციულ სექტორში.
რუსეთთან მოლაპარაკებისას გამოიყენება ისეთივე მიდგომა, როგორიც ჩვეულებრივ სავაჭრო პარტნიორთან, მიუხედავად იმისა, რომ ის არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, აქვს მკაფიო პოლიტიკური ინტერესები და ფლობს მრავალ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ თუ სამხედრო ბერკეტს საქართველოს წინააღმდეგ (ენგურჰესი და აფხაზეთის მოხმარება, ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება, ენერგეტიკული აქტივების ფლობა და სხვ.).
"გაზპრომთან" მოლაპარაკებები სცილდება ენერგეტიკის ჩარჩოებს და საჭიროებს ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში განხილვას და მოქმედებას სამთავრობო დონეზე; საგარეო ურთიერთობების სამინისტროს, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სხვა სამსახურების თანამონაწილეობას; ასევე პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობას, რაც არ გაკეთებულა. საჭიროა მეტი დივერსიფიცირება და გაზის ბაზრის რეფორმა, გამჭვირვალე რეგულირებისა და ჯანსაღი კონკურენციის დანერგვა.
ემა ტუხიაშვილი
წყარო „კვირის პალიტრა"