სესხების გალარების პროგრამა დაახლოებით 27 000 ფიზიკურ პირს შეეხება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.
არჩილ მესტვირიშვილი პროგრამის უპირატესობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბანკები ვალდებულნი არიან აღნიშნული პროგრამის შესახებ ყველა პოტენციურ ბენეფიციარს აცნობონ, ვისაც შეიძლება სუბსიდია ეხებოდეს.
მისივე განმარტებით, მთავრობა შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას უზრუნველყოფს, ეროვნული ბანკი კი, კომერციულ ბანკებს გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს მიაწვდის და ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას მოახდენს.
”პროგრამის ფარგლებში დასაშვებია პორტირება, ანუ მსესხებელს ექნება საშუალება, შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს, თუ რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. სუბსიდია არ შეეხება მაღალი შემოსავლების მქონე პირებს, ანუ ვისი წლიური შემოსავალი 2015 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან ვისი სესხის ნარჩენი ოდენობა 100 ათას აშშ დოლარს აღემატება. სულ დაახლოებით 27,000 ფიზიკურ პირს შეეხება პროგრამა, საშუალო სესხის მოცულობა 15,000 აშშ დოლარია”, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
მისივე განმარტებით, პროგრამის მონაწილის შემოსავალი აღარ იქნება დამოკიდებული კურსთაშორის სხვაობაზე და მას სესხის მომსახურება იმ ვალუტით შეეძლება, რომელშიც აქვს შემოსავალი.
”ლარის და აშშ დოლარის სესხების პროცენტებს შორის სხვაობა ის ხარჯია, რომელსაც მომხმარებელი სავალუტო რისკის დაზღვევისთვის იხდის, ლარში სესხი კი იძლევა სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას. ის ასევე უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ სესხის მომსახურებაზე გასაწევი დანახარჯების პროგნოზირებადობას. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს კონვერტაციის ხარჯები, რაც არ არის ლარის სესხის შემთხვევაში”, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, 2017 წლის 15 იანვრიდან, ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ უცხოური ვალუტით სესხის გაცემა თუ სესხის მოცულობა 100,000 ლარზე ნაკლებია. თუმცა, მოცულობის ზრდის შემთხვევაში, სესხის უკან დოლარში გადატანა შესაძლებელია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, მესტვირიშვილის მოსაზრებით, მსესხებელი კვლავ სავალუტო რისკის ქვეშ იქნება.
მისივე განმარტებით, კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს არსებული საბაზრო პროცენტით გასცემენ.
”მაგალითად, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია. სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.7 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.5 კურსით. კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჩვენ მივეცით მითითება კომერციულ ბანკებს, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში შეეხმიანონ და აცნობონ ამ სიახლის შესახებ იმ პირებს, ვისაც ეს აქცია პოტენციურად ეხება. ამის ვალდებულება კომერციულ ბანკებს აქვთ. თუმცა, თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ სესხების გალარების პროგრამა მას ეხება და ამავე დროს, მომსახურე ბანკიდან მას არავინ უკავშირდება, ბუნებრივია, მას აქვს უფლება, თავად მივიდეს ბანკში და გაეცნოს გალარების პირობებს”, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.