„თიბისი ბანკში“  დოლარში აღებული სესხების გალარება 10%-იანი განაკვეთის ფარგლებში მოხდება

”თიბისი ბანკი” სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, დოლარში აღებული სესხის გალარების მსურველი მომხმარებლები ხვალიდან მიიღოს , - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი გალარების შესახებ ინფორმაცია გახდა ცნობილი, ”თიბისი ბანკმა” ეროვნულ ბანკთან დაიწყო მუშაობა, რათა ყველა ნიუანსი გაერკვია და ყველა პროცედურა გაეწერა.

”ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ ხვალიდან, როცა ეს პროგრამა შევა ძალაში, მივიღოთ კლიენტები და შევთავაზოთ ახალი პროდუქტი. რაც შეეხება პროცედურებს: ყველა ბანკი და მათ შორის ჩვენ, ვალდებული ვართ, რომ მომხმარებელს ვაცნობოთ ამის შესახებ. ჩვენ გვაქვს მომზადებული ყველა კლიენტის ბაზა და ჩვენი ყველა კლიენტი მიიღებს ინფორმაციას ამ სიახლის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტმა შეიცვალა ნომერი და ა.შ. ჩვენ სხვა არხებით, იქნება ეს სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, თუ საინფორმაციო რგოლი - ამ ინფორმაციას ფართო მასებს მივაწვდით. შესაბამისად, ყველა მსურველს, თავადაც შეუძლია მოვიდეს ”თიბისი ბანკის” ნებისმიერ ფილიალში, ან დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე და დეტალური ინფორმაცია მიიღოს, თუ რა პროცედურით მოხდება მისი სესხის გალარება”, - განაცხადა ნინო მასურაშვილმა.

რაც შეეხება გალარებული სესხის პროცენტს, ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის განმარტებით, დოლარში აღებული სესხების ლარში გადაყვანა დაახლოებით 10%-იანი განაკვეთის ფარგლებში მოხდება.

”კურსთან დაკავშირებით გეტყვით, რომ რა კურსიც იქნება იმ დღეს, იმას მოაკლდება 20 თეთრი და მიღებული მაჩვენებლით დაკონვერტირდება სესხი. მაგალითად, თუ გალარების მომენტში კურსი იქნება 2.70 ლარი, სესხი დაკონვერტირდება 2.50 ლარში და ა.შ. ეს დამოკიდებულია იმ კონკრეტული დღის კურსზე. სესხის გალარებას კონკრეტული შეზღუდვები აქვს. მაგალითად, პირის ყოველწლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს, ასევე სესხის თანხა, ნარჩენი ღირებულება არ უნდა იყოს 100 000 დოლარზე მეტი და ა.შ. ბანკს კონკრეტული შეზღუდვა არ აქვს. ჩვენი კრიტერიუმები ზუსტად იგივეა, რაც კანონის მიერ არის დადგენილი, დამატებითი კრიტერიუმი არ გვაქვს. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყველა მსურველს შევთავაზოთ ეს პროდუქტი, შემდეგ უკვე თავად კლიენტი იღებს გადაწყვეტილებას, სურს თუ არა გაალაროს სესხი”, - აღნიშნა მასურაშვილმა.

ხვალიდან სესხების გალარების პროგრამა იწყება. რაც 2015 წლის 1-ელ იანვრამდე, დოლარში აღებული სესხების ლარში კონვერტაციას, ასევე 100 000 ლარამდე სესხის ლარში გაცემას ითვალისწინებს.