ჩილეს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალეხანდრო ფოქსლიმ 1991 წელს მიცემულ ინტერვიუში თქვა: „შეიძლება არ მოგვწონდეს ჩვენი წინამორბედი მთავრობა, მაგრამ მათ ბევრი რამ გააკეთეს სწორად. ჩვენ მემკვიდრეობად გვერგო ეკონომიკა, რომელიც აქტივია“.
დაახლოებით 20 წლით ადრე გენერალმა ავგუსტო პინოჩეტმა ჩილეს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, სალვადორ ალიენდე ჩამოაგდო. როგორც iset-pi.ge წერს, 1973 წლიდან 1990 წლამდე პინოჩეტის მმართველობა ხასიათდებოდა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, თუმცა, ბოლოს პინოჩეტი დათანხმდა, ჩაეტარებინა რეფერენდუმი და ასე გადაეწყვიტა საკუთარი პოლიტიკური მომავალი. ხოლო როდესაც ჩილელმა ხალხმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ის სისხლისღვრისა და ძალადობის გარეშე გადადგა.
რეფორმების თესვა
მაინც როგორი იყო ჩილეს განთქმული ეკონომიკური რეფორმები? პინოჩეტის საყრდენი ძალა ჩიკაგოში გამობრძმედილი ეკონომისტები (მეტსახელად „ჩიკაგოს ბიჭები“) იყვნენ. მათ, როგორც კარენ ლ. რემერი წერს „განვითარებადი ადგილების ჟუნალში“, „გაათავისუფლეს ბაზარი შეზღუდვებისგან და კერძო საკუთრების სასარგებლოდ გააუქმეს ეკონომიკის სახელმწიფო სექტორი“. 1973-1976 წლებში ჩილეს მთავრობის დანახარჯები 40%-ით შემცირდა, პრივატიზაცია გაუკეთდა 449 სახელმწიფო კომპანიას (494-დან), სახელმწიფოს წილი სამუშაო ძალაში შემცირდა 18%-დან 13%-მდე. სოფლის მეურნეობის სექტორში ჩიკაგოს ბიჭებმა მოხსნეს შეზღუდვები მიწის ნაკვეთის ზომაზე, რომლის საკუთრებაში ფლობაც შეიძლებოდა, ასევე, მიწის კერძო საკუთრებაში ფლობაზე. ჩილემ, რომელიც ადრე ერთ-ერთი ყველაზე დაცული ეკონომიკა იყო, თითქმის მთლიანად გააუქმა პროტექციული ტარიფები, რათა „ხელი შეეწყო ჩილეს ინდუსტრიის მოდერნიზებისთვის, მონოპოლიებს კონკურენცია შექმნოდათ უცხოური კომპანიებისგან და წახალისებულიყო ეკონომიკური რესურსების უფრო ეფექტიანი და რაციონალური გადანაწილება“ (რემერი). რაც შეეხება უცხოურ ინვესტიციებს, მთავრობამ აღმოფხვრა ბიუროკრატია და გააუქმა უცხოელ ინვესტორებზე დაწესებული სხვადასხვა შეზღუდვა. მიზანი იყო, ჩილე გამხდარიყო „ინვესტიციებისთვის საუკეთესო ადგილი ლათინურ ამერიკაში“, რაც ოფიციალურადაც იყო გაცხადებული. გაუქმდა სახელმწიფო სააგენტოები, მაგალითად, ფინანსური ბაზრების ზედამხედველობის სამსახური. შესუსტდა შრომის კანონმდებლობა, რომელიც კრძალავდა მომუშავეების სამსახურიდან გათავისუფლებას, ასევე, შემცირდა დანახარჯები სოციალურ კეთილდღეობაზე და მინიმალური ხელფასი. რემერი წერს: „ამ პოლიტიკის წარმმართველი ეკონომიკური განვითარების თეორია ის იყო, რომ ... სამომავლო ეკონომიკური პროგრესი დამოკიდებული იქნებოდა იმ ინდუსტრიების ზრდაზე, რომლებიც შეძლებდნენ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციის გაწევას“.
ამ შოკური თერაპიის მყისიერი შედეგი ორგვაროვანი აღმოჩნდა. თუკი 1974 წელს ქვეყანაში ინფლაცია 505% იყო, 1978 წელს უკვე 30%-მდე დაეცა. გაუმჯობესდა საგადამხდელო ბალანსი: 1976 წელს ჩილემ 500 მილიონი აშშ დოლარის დადებით სავაჭრო სალდოს მიაღწია. თუმცა, ამავდროულად, როგორც მოსალოდნელი იყო, გაიზარდა უთანასწორობა: შეფასების მიხედვით, შემოსავლების მქონეთა ზედა 5%-მა 23%-დან 50%-მდე გაზარდა თავისი წილი ეროვნულ პროდუქტში. ამასთან, რეფორმები მოსახლეობის დიდი ჯგუფების ძლიერი წინააღმდეგობის ფონზე ტარდებოდა. ჩილეს ცენტრალური ბანკის მმართველმა, პაბლო ბარაონამ იმ დროს განაცხადა: „ის, რომ ადამიანების 90% ჩვენი პოლიტიკის წინააღმდეგია, იმაზე მეტყველებს, რომ მოდელი მუშაობს, ის ყველას შეეხო და არავისთვის მიუნიჭებია პრივილეგია“.
ხომ არ გეცნობათ ჩილეს ეკონომიკური დღის წესრიგი?
წარმატების მოხვეჭა
ეკონომიკური რეფორმების უმეტესობის შემთხვევაში ასე ხდება: მათ ნაყოფს ძალიან გვიან იმკიან, ხშირად კი ნაყოფი რეფორმის განმახორციელებლების მემკვიდრეებს ერგებათ. 1970-იანი წლების ჩილეში დიდი აურზაური და სოციალური მღელვარება იყო, თუმცა სიტუაცია 1980-იან წლებში დასტაბილურდა. ყველაზე დიდმა სარგებელმა კი 1990-იან წლებში და შემდგომ იჩინა თავი. 1990-1993 წლებში ჩილეს ეკონომიკა საშუალოდ 7.7%-ით იზრდებოდა, ხოლოდ 1994-1999 წლებში მაჩვენებელი კვლავ მაღალი (5.6%) იყო. 1973-1999 წლებში ექსპორტი განმაცვიფრებელი ტემპით, წლიურად 9%-ით იზრდებოდა. რეფორმების დადებითი გავლენა დღემდე შენარჩუნდა: 2015 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, რომელსაც ფრეიზერის ინსტიტუტი აქვეყნებს, ჩილეს ეკონომიკა მეშვიდე ადგილზეა (საქართველო – 22-ზე). ჩილეს შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 25 000 აშშ დოლარია (PPP) და ის სამხრეთ ამერიკის ყველაზე მდიდარი ქვეყანაა (საქართველოსი – 9 500 აშშ დოლარი). დაბოლოს, 2010 წელს, ჩილეს ეკონომიკური წარმატების ამბავი აღიარა საერთაშორისო საზოგადოებამ და ის გახდა პირველი სამხრეთ ამერიკული ქვეყანა, რომელიც მიიღეს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD), „განვითარებული ქვეყნების მდიდართა კლუბში“ (კარენ კორნბლუ).
როდესაც პინოჩეტი გარდაიცვალა 2006 წელს, „ვაშინგტონ-პოსტის“ სარედაქციო სვეტში მისი მემკვიდრეობა ასე შეფასდა: „ბატონი პინოჩეტი სასტიკი ადამიანი იყო: მისმა მთავრობამ 3000-ზე მეტი ადამიანი მოკლა და ათი ათასობით აწამა, უმეტესობა - მისი მმართველობის პირველ სამ წელს. ათასობით ადამიანმა გადასახლებაში გაატარა წლები. და მაინც, ძნელია არ შენიშნო, რომ ბოროტი დიქტატორი ლათინურ ამერიკაში ყველაზე წარმატებულ ქვეყანას გვიტოვებს. უკანასკნელ 15 წელიწადში ჩილეს ეკონომიკა რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტად გაიზარდა, ხოლო ქვეყანაში სიღარიბის დონე განახევრდა. ჩილე უკან იტოვებს განვითარებად მსოფლიოს, სადაც ყველა მისი მეზობელი კვლავ ჭაობშია ჩაფლული“.
ნუ შეცვლით წარმატებულ კონცეფციას
საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, უდავოა, რომ ქართულ ოცნებას შეუძლია, იტრაბახოს შესანიშნავი მიღწევით, კერძოდ კი გამოძალვებისა და პოლიტიკური შანტაჟისთვის ბოლოს მოღებით, რაც სააკაშვილის მმართველობის უკანასკნელი პერიოდს ახასიათებდა. 2012 წელს მზარდად ავტოკრატიული მთავრობა ჩაანაცვლა უფრო ცივილიზებულმა (ჩილეს მსგავსად, ძალადობის გარეშე, თუმცა ამის გამო ხოტბას პინოჩეტი ან სააკაშვილი ნაკლებად იმსახურებენ). თუმცა, ჩილესა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა: ჩილეში მემკვიდრე მთავრობა ძალზე ფრთხილობდა, რომ წინა მთავრობის მიერ განხორციელებული წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა არ გაეუარესებინა. რობერტ პაკენჰემი და უილიამ რეტლიფი „ჰოვერის ინსტიტუტისთვის“ წერენ: „1990 წლიდან [ჩილეს] ოთხივე ცივილური მთავრობა ინარჩუნებდა ახალ, ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკურ და სოციალურ მოდელებს, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღეს სამხედრო რეჟიმისგან. მიუხედავად იმისა, რომ 1990 წლის შემდეგ განხორციელდა ზღვრული ცვლილებები, 1973 და მომდევნო წლები, და არა 1970 ან 1990, უდავოდ ყველაზე მძაფრი და სიღრმისეული დადებითი ცვლილების წერტილი იყო.”
მეორეს მხრივ, საქართველოს მთავრობა, სასწორზე დებს იმ ლიბერტარიანულ ეკონომიკურ პრინციპებს, რომლითაც საქართველომ საერთაშორისო რეპუტაცია მოიპოვა 2004-2012 წლებში. ჭარბი სახელმწიფო ჩარევებით, იქნება ეს კონკურენციის სააგენტოს გაცოცხლება, ანტიდემპინგური კანონმდებლობა თუ ლარის გაუფასურების საპასუხოდ გამოცხადებული ანტიდოლარიზაციის პოლიტიკა, საქართველომ, შესაძლოა, მალევე დაკარგოს ეკონომიკური უპირატესობები. როგორც მიკროეკონომიკის მოწინავე კლასებში ასწავლიან, მთავრობა მხოლოდ მაშინ უნდა შეეხოს თავისუფალ ბაზარს, თუ ბაზარზე რაიმე ჩავარდნაა. საბაზრო ჩავარდნების არარსებობისას, სახელმწიფოს ჩარევა საქმეს მხოლოდ აფუჭებს. ეკონომიკური თეორია საკმაოდ დეტალურად საუბრობს ამაზე და ამ დებულებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. დოლარიზაცია ბაზრის ჩავარდნა კი არ არის, არამედ ეკონომიკური აგენტების ოპტიმალური ადაპტირება ეკონომიკურად არამდგრადი სიტუაციის მიმართ. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ჩარევისგან.
ცხადია, ბევრი ეკონომისტი მხარს უჭერს მთავრობის ჩარევას და მის გეგმებს ამ მიმართულებით, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ ექსპერტებს საქართველოში გზავნიან და მათ ანაზღაურებას უხდიან, არ ყოფილან ეკონომიკურად საქართველოს მსგავსად წარმატებულნი ბოლო 13 წლის განმავლობაში. მაგალითად, ბევრ ევროპულ ქვეყანაში ათწლეულებია ეკონომიკურ ზრდას დამაკმაყოფილებელი ნიშნულისთვის არ მიუღწევია, ისინი სწორედ სახელმწიფო ჩარევებისგან გამოწვეული სტუქტურული პრობლემების წინაშე დგანან.
თუ მთავრობას გრძელვადიან პერიოდში ლარის ღირებულების დასტაბილურება უნდა, გამოსავალი ერთია: უნდა შეიქმნას ნდობა საქართველოს ეკონომიკის მიმართ. ეს ნდობა კი სწორედ ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო ჩარევის შემცირებით ყალიბდება, როგორც ეს აჩვენა 2004-2008 წლებმა, როდესაც დოლარის კურსი 2.20-დან 1.4-მდე დაეცა. ლარის გრძელვადიანი გამყარება ყოვნდებოდა დროებითი გაუფასურებებით. აუცილებელია იმის გააზრება, რომ ეს სრულიად გარდაუვალია პატარა ეკონომიკისთვის, რომელზეც ძლიერ ზემოქმედებს საერთაშორისო უცხოური გაცვლითი ბაზრები. იმის ნაცვლად, რომ დამაზიანებელი ნაბიჯი შეაგებოს ისეთ რამეს, რისი კონტროლიც შეუძლებელია, მთავრობამ კონცენტრაცია გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა გააკეთოს – ჩამოაყალიბოს ნდობა, ბაზარს მიანდოს თავისი საქმე და მხოლოდ მაშინ ჩაერიოს, როდესაც ბაზარზე ცხადი ჩავარდნაა. პროგრამის ნაწილი შესაძლებელია, ასევე, იყოს სოციალური პრობლემების შეზღუდულად შემსუბუქება. რაც მთავარია, ხელშეუხებელი უნდა დარჩეს „თავისუფლების აქტი“.
ამჟამინდელი მთავრობა ძალიან იმედისმომცემად მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში სასამართლო ნამდვილად დამოუკიდებელი იყოს. ეს იქნება საფუძვლიანი წვლილი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, განსაკუთრებით მზარდი გეოპოლიტიკური რისკების გათვალისწინებით. მართლაც, ჩილეს მსგავსად, ქართული ოცნების მთავრობას მრავალ ნაწილში შეუძლია წინამორბედის დატოვებული მეკვიდრეობის გაუმჯობესება (და გააუმჯობესა კიდეც). თუმცა, სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ეკონომიკური პრინციპები აშკარად არ შედის ამ სიაში.
წარმატებული სახელმწიფოს ასაშენებლად, საჭიროა ამის სასწრაფოდ გამოსწორება. ეჭვგარეშეა, რომ ეს გააძლიერებს ქართული ოცნების მემკვიდრეობას!
ავტორები: ფლორიან ბირმანი
კალმან მიზსეი
წყარო: iset-pi.ge