მთავრობის წევრი უფლებამოსილი, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს ფრაქციის სხდომას და პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს.
ამას პარლამენტის რეგლამენტი (94-ე მუხლის მე-3 პუნქტი) ითვალისწინებს, რომლის საფუძველზეც საპარლამენტო უმცირესობამ “გაზპრომის“ საკითხთან დაკავშირებით უმცირესობის ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაიბარა.
როგორც პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა სერგო რატიანმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მათ ვიცე-პრემიერსა და ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძეს წერილით უკვე მიმართეს.
“ჩვენ გვაქვს მთელი რიგი კითხვები “გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თემაზე. ვითხოვთ, მოვიდეს ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე და კითხვებზე გაგვცეს პასუხი. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, მათ შორის შეთანხმების საიდუმლო ხასიათთან დაკავშირებით. კითხვები გვაქვს იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რას მოიცავს “გაზპრომთან“ შეთანხმება, რა თანხა იქნება ის 10%, რომელსაც 2017 წელს საქართველო მიიღებს, 2018 წლიდან ტარიფებზე თუ აისახება და ასე შემდეგ. გვაქვს მთელი რიგი კითხვები, რაზეც გვინდა პასუხი მოვისმინოთ“, - განაცხადა კაპანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
კაპანაძის მიერ დასმულ საკითხთან დაკავშირებით სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხი ვიცე-პრემიერთან კოსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.