კომპანია BPC თებერვლიდან ასკილის ბიოწვენს აშშ-ში, ჯორჯიას შტატის ქალაქ ატლანტაში გაიტანს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გაგა აბაშიძემ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ასკილის წვენი ატლანტაში სუპერმარკეტების გარდა, რამდენიმე ძვირადღირებულ რესტორანშიც გაიყიდება.
გაგა აბაშიძის თქმით, საქართველოში წარმოებული ბიოსერტიფიცირებული ასკილის წვენით კოქტეილების მომზადებაც არის შესაძლებელი.
„აშშ-ში პირველი კონტეინერით დაახლოებით 30 000 ცალი, 1 ლიტრიანი ”ასკილი 03” გაიგზავნება, წლის ბოლომდე კი 2-3 კონტეინერის გატანა გვაქვს დაგეგმილი“, - აღნიშნა გაგა აბაშიძემ.
კომპანია პროდუქტს ამერიკის ბაზარზე NADI-ის სახელით გაიტანს. როგორც გაგა აბაშიძე ამბობს, ეს არის ბრენდის მოკლე სახელწოდება, რომელიც ძველი ქართულიდან მოდის, უკავშირდება ნადირობას, ერთობლივ საქმიანობასა და ერთი მიზნისთვის გაერთიანებას.
BPC საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც BIO სერტიფიცირებულ ასკილის წვენს აწარმოებს. კომპანიამ წვენების წარმოება 2010 წელს დაიწყო.
თათია ახვლედიანი