საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის 2016 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაში რამდენიმე ბინა და საბანკო ანგარიშებია.
ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ სანდრა რულოვსი თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე 318.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას ფლობს. ასევე ორ ბინას ნიდერლანდების სამეფოში, კერძოდ ტერნეუზენში 120.00 კვ.მ-ისა და კადზანდში მდებარე 75.00 კვ.მ-ის ფართობის ბინებს. მიხეილ სააკაშვილის მეუღლის 100%-იან საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი ყვარელში (ლამიანები), რომლის ფართობიც 1230.00 კვ.მ-ია.
დეკლარაციის თანახმად, სანდრა რულოვსის მეუღლის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 100%-იან საკუთრებაშია 4 მიწის ნაკვეთი ყვარელში, რომელთა საერთო ფართობი 7296.00 კვ.მ შეადგენს. ყვარელში მდებარე კიდევ 5 ნაკვეთის საერთო ფართობი კი 11904.00 კვ.მ-ია. გარდა ამისა, მას მიწის ნაკვეთი აქვს გუდაურში, რომელის ფართობი 500.00 კვ.მ შეადგენს.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების დროს სანდრა რულოვსს სამი სხვადასხვა ანაბარი ჰქონდა გახსნილი თიბისი ბანკსა და ჰოლანდიურ ING ბანკში. „თიბისი“-ში ერთი 44800.00 ლარიანი და მეორე იმავე ბანკში 8500.00 დოლარიანი ანაბარი აქვს გახსნილი. ING ბანკში კი 28000.00 ევროს ოდენობის ანაბარი აქვს.
ასევე 35000.00 ევროს ოდენობის ანაბარია გახსნილი ნიკოლოზ სააკაშვილის სახელზე ING ბანკში.
დეკლარაციის შევსების დროს სანდრა რულოვსს 15 ათასი ლარი ნაღდი ფული ჰქონდა.