"გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულებით საქართველო მილიონობით დოლარს დაკარგავს. ეკონომისტები დაახლოებით 12 მლნ-ზე საუბრობენ, თუმცა, "ბიზნეს-რეზონანსის" გათვლით, შესაძლოა, იგი გაცილებით მეტი აღმოჩნდეს. რუსულ მხარესთან მიღწეული "შეთანხებით", გამორიცხული არ არის, საქართველომ 20 მლნ დოლარი იზარალოს. "გაზპრომისგან" მიღებული თანხა კი დამატებით შესაძენი გაზის რაოდენობას სანახევროდაც არ ეყოს.
კონტრაქტის დეტალები, მათ შორის ფულადი ანაზღაურების მოცულობა, რომელსაც საქართველო გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ მიიღებს, არაა ცნობილი. ამიტომ ჩვენ შევეცადეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებით გვეხელმძღვანელა.
ცნობილია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე 1000 კბ/მ ბუნებრივი აირის გატარება ყოველ 100 კმ-ზე რუსეთს 4,5 დოლარი უჯდება, ახალი ტარიფი 2017 წლიდან ამოქმედდა, მანამდე გადასახდელი თანხა 2,7 დოლარს არ აღემატებოდა. ბელორუსის ტერიტორიაზე "გაზპრომს" გაზის გატარება ერთ მილსადენზე (სულ 3 მილსადენია) 1,3 დოლარი უჯდება, მეორე მილსადენით ეს გადასახადი 2,1 დოლარს შეადგენს, მესამე მილსადენზე კი - 3,2 დოლარით განისაზღვრება. ეს გახლავთ სხვადასხვა ფასი ყოველ 1000 კბ/მ გაზის 100 კმ-ზე გასატარებლად.
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის სიგრძე (რითაც სომხეთს მიეწოდება ბუნებრივი აირი საქართველოს გავლით) საქართველოს ტერიტორიაზე 221 კმ-ია. მისი მეშვეობით სომხეთმა უახლოეს წლებში უნდა მიიღოს დაახლოებით 2,2 მლრდ კბ/მ გაზი. როცა ჩვენი ქვეყანა გატარებული აირის მოცულობის 10%-ს ნატურით იტოვებდა, ფულად გამოსახულებაში დაახლოებით 40 მლნ დოლარის ენერგოპროდუქტი რჩებოდა (ამ შემთხვევაში ნაგულისხმებია საშუალო ფასი 185 დოლარი 1000 კბ/მ-ზე. დაახლოებით ამ ფასად აწვდის რუსეთი ევროპას გაზს და საქართველოსაც ასეთივე ტარიფს ჰპირდება, თუკი დამატებითი მოცულობის შესყიდვა დაგვჭირდა).
ტრანზიტის საფასურის ანაზღაურება მაღალი "უკრაინული ტარიფითაც" (4,5 დოლარი ყოველ 100 კმ-ზე) რომ მოხდეს, მაგისტრალური გაზსადენის სიგრძის შესაბამისად, საქართველო მიიღებს 22 მლნ დოლარს იგივე 185-დოლარიანი გაზის პირობებში. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ფულით საქართველო შეისყიდის იმის ნახევარ გაზს, რაც დღეს ქვეყანას ნატურის სახით რჩება. თუკი გავითვალისწინებთ, რომ "გაზპრომი" სომხეთს ამჟამად 1000 კბ/მ-ს გაზს 150 დოლარად აწვდის, საქართველო ტრანზიტის საფასურად გაცილებით ნაკლებს მიიღებს.
იმის გამო, რომ ხელშეკრულების კომერციული დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, ექსპერტებს უჭირთ ზუსტი ანალიზი, თუ რა დარჩება ქვეყანას ახალი გარიგების სანაცვლოდ. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ საქართველო სულ მცირე 10-12 მლნ დოლარით დაზარალდება.
"აქამდე ჩვენ თუ უფასოდ ვიღებდით 40 მლნ დოლარის გაზს, დღეს ბონუსი შეგვიმცირდა, ნაკლები გაზის შესყიდვა შეგვიძლია იმ თანხით, რასაც რუსეთი გადაგვიხდის. კონტრაქტის დეტალებს არ გვეუბნებიან. ფაქტია, რომ გვაქვს დანაკარგი, რომლის სიდიდეც ჩემთვის უცნობია. ფასი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ეს შეიძლება იყოს რელიეფი, მილის სიგრძე და სხვ.
მინიმუმ 10-12 მლნ დოლარს ვიზარალებთ. პირველ წელს ეს იქნება შედარებით ნაკლები დანაკარგი, რადგან ტრანზიტის საფასურიდან ნახევარს კვლავ ნატურით მივიღებთ, თუმცა მომავალი წლიდან ვითარება გართულდება", - აცხადებს ხუხაშვილი და დასძენს, რომ მოსალოდნელი ცვლილება, სავარაუდოდ, ტარიფზე დაწოლას გაზრდის.
"ჩემი აზრით, ტარიფის შენარჩუნება მომავალი წლიდან გაგვიჭირდება. ფასი და ტრანსპორტირების ღირებულება იქნება იმ სტანდარტში, რაც ევროპის ქვეყნებშია. აქამდეც ველოდით, რომ თანამშრომლობის არსებული ფორმა შეიცვლებოდა, მაგრამ რატომ მაინცდამაინც წელს, ამაზე ვერ მივიღეთ პასუხი. როგორც ჩანს, რუსეთს აღმოაჩნდა დამატებითი არგუმენტები, რის გამოც წავაგეთ. არ ვიცი რა იყო ეს არგუმენტი, როგორი იყო შემხვედრი წინადადება - მუქარა თუ სხვა რამ - რაზეც საქართველომ უარი ვერ თქვა", - განაცხადა ხუხაშვილმა.
"გაზპრომის" მხრიდან საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების პირობის შეცვლა მოულოდნელი არ ყოფილა ენერგეტიკოს ლიანა ჯერვალიძისთვის, როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, აქამდე არსებული პრაქტიკა დიდხანს ვერ შენარჩუნდებოდა, რამდენადაც იგი ცივილიზებული სამყაროს სტანდარტთან შეუსაბამო იყო.
"ძალიან ცუდი მდგომარეობაა რეგიონში გაზის მიღების კუთხით. ტრანზიტის სანაცვლოდ გაზის მიღების პრაქტიკა, რაც აქამდე იყო, არ იყო რეალური და მისი შენარჩუნება დიდხანს ვერ მოხერხდებოდა. 3-4 წელია "გაზპრომთან" საკმაოდ მძიმე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ჩვენ საწინააღმდეგო არგუმენტები, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნდა, რადგან საერთაშორისო პრაქტიკა და ცივილიზებული სამყარო, რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით, ტრანზიტის გადასახადის ნატურით მიღების პრაქტიკას არ ცნობს. მართალია, როგორც ზოგიერთი ამბობს, რუსეთი არ ეკუთვნის ამ განვითარებულ სამყაროს, მაგრამ საქმე ისაა, რომ მასთან მოლაპარაკების წარმოება ძალიან რთულია, მით უმეტეს, როცა ალტერნატივა არ გაქვს", - აცხადებს ჯერვალიძე და დასძენს, რომ მისთვის უცნობია, რამდენს გადაიხდის რუსეთის ტრანზიტის სანაცვლოდ, რამდენადაც გაზის ფასი იცვლება 6-9 თვის ინტერვალში და დამოკიდებული ხდება იმაზე, როგორი იქნება ტარიფი მოცემულ მომენტში.
"სიმართლე გითხრათ, მიკვირს აქამდეც როგორ ვახერხებდით "გაზპრომთან" ხელშეკრულების პირობების შენარჩუნებას. საქართველოსთვის ეს იყო თამაში "კოზირის" გარეშე, რაც არ უნდა მოხდეს, სომხეთს ჩვენ გაზის მიწოდებას ვერ შევუწყვეტთ, ეს იმიჯის პრობლემას შეგვიქმნის. სატრანზიტო ქვეყანა ვართ და მეზობელი ქვეყნის მხრიდან კეთილგანწყობა გვჭირდება.
ამავე დროს, ზამთრის განმავლობაში "სოკარი" ტექნიკური მიზეზის გამო ვერ ახერხებს გაზის მთლიანად მოწოდებას. წლიურ ბალანსში ეს შესაძლებელია, მაგრამ არა ზამთარში, როცა ბუნებრივი აირის მოხმარება იზრდება. ზაფხულში კი არც ჩვენ გვჭირდება ამდენი გაზი.
მომავალ წელს გადავდივართ "გაზპრომთან" მთლიანად ფულად ანაზღაურებაზე. 2019 წლიდან ჩვენ დამატებითი გაზის ტრანზიტს ველოდებით აზერბაიჯანიდან. ეს თუ მოხდება, მაშინ უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით და მეტ გაზს მივიღებთ აზერბაიჯანის საერთაშორისო კონსორციუმისგან. გაზსადენის გამტარიანობა იმის საშუალებას იძლევა, რომ ტრანზიტის დადგენილი ოდენობა, რომელიც კონტრაქტით არის გათვალისწინებული, მივიღოთ.
ამდენად, 2019 წლამდე ძალიან გვიჭირს. ამ დროიდან კი, იმედია, "ტანაპი" ამოქმედდება, "ტაპი" აშენდება დროულად, რომ გაზრდილმა რაოდენობამ გაიაროს საქართველოზე. ამ ეტაპზე რეგიონში ისეთი პრობლემაა, რომელიც სრულიად საქართველოს ხელისუფლების კონტროლის მიღმაა. აქ ჩვენ სხვა არაფერი შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ ვიყოთ სტაბილური სახელმწიფო და საერთაშორისო კონსორციუმთან დადებულ კონტრაქტს პატივი ვცეთ", - აცხადებს ლიანა ჯერვალიძე.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, საქართველოსთვის ბუნებრივ აირზე პოლიტიკური ფასის დაწესების საფრთხე განეიტრალდეს. თუმცა, ესეც იმ შემთხვევაში, თუკი საზოგადოებრივი პროტესტი ეფექტური იქნება და ხელისუფლება "გაზპრომის" პირობების გადახედვის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდება.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"