დღეიდან საქართველოში იპოთეკური სესხების გალარების სოციალური პროგრამა დაიწყო.
ეროვნული ბანკის გათვლებით, დაახლოებით, 27 ათასი ადამიანი შეძლებს 2015 წლამდე დოლარში აღებული სესხის ლარში კონვერტაციას. როგორც ეკონომისტები აცხადებენ, ამ აქციას დადებითთან ერთად უარყოფითი მხარეებიც აქვს: კერძოდ, ის საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შემცირებას გამოიწვევს. საქმე ის არის, რომ კლიენტებზე გაცემული ლარის სანაცვლოდ ბანკებს დოლარის რესურსი ეროვნულმა ბანკმა უნდა მიაწოდოს, რაც მის რეზერვებზე უარყოფითად აისახება. ამ საკითხზე „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი დავით ასლანიშვილი ესაუბრა.
"დავიწყოთ იმით, რომ ეროვნული ბანკის რეზერვების მოცულობა 2 მლრდ 800 მლნ დოლარია. აქედან 1,5 მილიარდი არის უშუალოდ საქართველოს სავალუტო რეზერვი, ხოლო 1 მლრდ 300 მილიონი - ეს არის კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში გადარიცხული სავალდებულო სარეზერვო თანხა. ახლა კი, ნაცვლად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში მოსთხოვოს ბანკებს სარეზერვო თანხის გადარიცხვა, ამ წესში ცვლილება უნდა შეიტანოს: ჩემი ვარაუდით, ბანკებს ან განაკვეთი უნდა შეუმციროს, ან ეს თანხა ეროვნული ვალუტით იქნება ჩანაცვლებული. შედეგად, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში გადარიცხული თანხა შემცირდება. მეორე საკითხსაც უნდა შევეხო: ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, რომელიც მის ოფიციალურ ვებგვერდზეც წერია, უკვე არსებულ რეფინანსირების სესხს - 1 მლრდ 300 მლნ ლარს - კიდევ დაემატება 400 მილიონი ლარი. ამის შედეგად, 2017 წელს რეფინანსირების სესხის რაოდენობა უკვე 1 მლრდ 700 მილიონი ლარი იქნება - 400 მილიონი ლარით მეტი გაიცემა კომერციულ ბანკებზე, რომ მათ გალარების აქცია უზრუნველყონ. ასე რომ, რეფინანსირების სესხი წელს უკვე 400 მილიონი ლარით მეტია და ეს თანხა გალარების პროგრამას მოხმარდება", - აღნიშნავს დავით ასლანიშვილი.
ექსპერტის თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენი ადამიანი მოისურვებს გალარების აქციაში ჩაერთოს.
"პროგრამა 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. გააჩნია, რამდენი ადამიანი გაალარებს თავის სესხს, თავდაპირველი ვერსიით, მათი რაოდენობა 33 ათასი იყო, ახლა კი - 27 ათასია. ამ 27 ათასიდან რამდენი მოისურვებს სესხის გალარებას, ძნელი სათქმელია. ვალუტის მიმწოდებელი ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკია. რამდენსაც რომელიმე ბანკი გაალარებს, თანხა მან უნდა მიაწოდოს, მაგრამ ეს ფული საიდან უნდა მოიტანოს, თუ არა რეზერვებიდან? ამ აქციით კომერციული ბანკები არაფერს იზარალებენ, უბრალოდ, ეროვნული ბანკი ვერ მიიღებს იმ რაოდენობის თანხას, რაც კომერციული ბანკებისგან უნდა მიეღო", - ამბობს დავით ასლანიშვილი.
გალარების პროგრამის განხორციელებაში პრობლემას ვერ ხედავს საქართველოს ბანკების ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცუცქირიძე.
„მე ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს დოლარს უპრობლემოდ მიაწვდის თავისი რეზერვებიდან“ - განაცხადა ბატონმა გიორგიმ ჩვენთან საუბრისას.
გაცილებით მწვავედ აფასებს სიტუაციას საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, „ენმ“-ის წარმომადგენელი ზურაბ მელიქიშვილი.
"ეს ყველაფერი არის ილუზორული მიდგომა საკითხისადმი, ილუზორული დამოკიდებულება კი რეალურ შედეგებს ვერ მოგვცემს. როდესაც ქვეყანაში ასეთი სერიოზული რამ ხდება, კომერციული ბანკების რისკები იზრდება და ასე იქმნება მოჯადოებული წრე: ერთი პრობლემის მოსაგვარებლად მეორე იქმნება, მეორეს მოსაგვარებლად - მესამე და ა.შ... ეს არ არის გზა, რომლითაც სიტუაცია გამოსწორდება. როდესაც ჭიქა გატეხილია და წყალი გასდის, ზემოდან რაც უნდა ამატო, მაინც ვერ დაიჭერს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება - ასეთი ერთჯერადი პროგრამებით ვერც ლარი გამყარდება და არც ამ ხალხს ეშველება. თანაც, ბოლო წლებში ეროვნული ბანკის რეზერვები ისედაც საგრძნობლად არის შემცირებული", - აღნიშნავს ზურაბ მელიქიშვილი.
ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი კი მიიჩნევს, რომ გალარების პროგრამის მთავარი მიზანი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ.
"რაც მთავარია, სესხების გალარებით დოლარზე მოთხოვნა შემცირდება - მთელი ეს ღონისძიება ხომ სწორედ ამისკენ არის მიმართული. გარდა ამისა, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული, მათთვის და მათი ოჯახებისთვის ეს პროგრამა ძალზე დიდი შეღავათია. მართალია, მათ მიერ ლარში დაბრუნებული სესხიც წარმოქმნის დოლარზე მოთხოვნას, მაგრამ ეს მოთხოვნა ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე აქამდე იყო. რაც მთავარია, შემცირდება იმ ადამიანების მოთხოვნა დოლარზე, რომელსაც უცხოური ვალუტა არ სჭირდებოდა, შემოსავალიც ლარში აქვს, მაგრამ სესხი მაინც დოლარში აიღო - ვფიქრობ, რომ ეს ამ პროგრამის მთავარი მიღწევაა. რა თქმა უნდა, შედეგებზე მსჯელობა ორი თვის შემდეგ უფრო გაგვიადვილდება, როდესაც ის დასრულდება“, - აცხადებს მიხეილ თოქმაზიშვილი.
ხათუნა ჩიგოგიძე