GRECO - საქართველომ უნდა გააგრძელოს დეპუტატებში, მოსამართლეებსა და პროკურორებში კორუფციის პრევენციისკენ მიმართული რეფორმები

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღიარებს საქართველოში კორუფციის შემცირებისა და ქვეყნის საერთაშორისო ინდექსების გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს.

ამასთან, ანგარიშში GRECO საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, განაგრძოს პარლამენტის წევრებში, მოსამართლეებსა და პროკურორებში კორუფციის თავიდან აცილებისკენ მიმართული რეფორმების გატარება.

დადებითი მოვლენებიდან GRECO-ს შეფასების გუნდმა აღნიშნა თანამდებობის პირების მიერ, მათ შორის პარლამენტის წევრების, მოსამართლეებისა და პროკურორების მიერ, ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის მექანიზმის მონიტორინგის შემოტანა.

„მნიშვნელოვანია, რომ ახალმა რეგულაციებმა მოიცვას ყველა პროკურორი, მათი გამოყენება პრაქტიკაში ეფექტურად მოხდეს და მუდმივ გადახედვას დაექვემდებაროს“, - ნათქვამია ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

ანგარიშში აღნიშნულია პარლამენტის წევრებში კორუფციის თავიდან აცილებისა და მათი ანგარიშვალდებულების გაზრდისკენ მიმართული ზომების მიღების შესახებაც. GRECO-ს შეფასების გუნდი რეკომენდაციას იძლევა, შემდგომში საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის გაუმჯობესება მოხდეს ყველა კანონპროექტის გამოქვეყნებისა და ეთიკის/ქცევის კოდექსის შემუშავების მეშვეობით. ანგარიში ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, პარლამენტის წევრების ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის სავალდებულო გასაჯაროებას, რათა მოხდეს იმის მონიტორინგი და დადგენა, თუ როდის და როგორ შეიძლება პარლამენტის წევრის პირადმა ინტერესებმა მოახდინოს გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

GRECO ხაზს უსვამს სასამართლო სისტემის რეფორმის წარმართვის საჭიროებასაც.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის მესამე ეტაპის კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, მიღებულ და განხორციელებულ იქნას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

GRECO-ს რეკომენდაციის შესაბამისად, უნდა მოხდეს მოსამართლეების აყვანის, დაწინაურების და ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანის რეფორმირება, საქმეების განაწილების ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის შემოღება, დისციპლინური დანაშაულების უფრო ზუსტი განსაზღვრა და მოსამართლეების იმუნიტეტის შეზღუდვა იმ საქმიანობით, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას უკავშირდება.

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO) მიესალმება პროკურატურის რეფორმას, რომელიც მისი დეპოლიტიზებისკენაა მიმართული.

„ახლა ეს რეფორმა ეფექტურად უნდა განხორციელდეს და დამატებითი ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა შემდგომში შემცირდეს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის გავლენა მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცედურასა და საპროკურორო საბჭოზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

GRECO ასევე იძლევა რეკომენდაციას, მოხდეს პროკურორების აყვანისა და დაწინაურების პროცესის რეგულირება, ასევე საქმეების მართვისა და შიდა ინსტრუქციების და დისციპლინური რეჟიმის რეგულირება.

2018 წლის ივნისის ბოლოსთვის საქართველომ GRECO-ს ანგარიში უნდა წარუდგინოს, სადაც მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება იქნება ასახული.