”ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გაუქმებას „ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებად“ აფასებს.
როგორც ბოტკოველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს მთავრობამ მიიღო რეგიონებისთვის საზიანო გადაწყვეტილება.
”მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. ეს პროგრამა ითვალისწინებდა იმას, რომ ყველა სოფელს თვითონ მიეღო გადაწყვეტილება, რა პროექტი უნდა განეხორციელებინა. პროექტისთვის იყო განსაზღვული თანხა. პროექტი მოქმედებდა 2009 წლიდან და 2012 წლამდე იყო მზარდი, მაგრამ ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, რომ გაეზარდა მისი დაფინანსება, ეს პროექტი შეწყვიტა. სოფლის მოსახლეობას ჰქონდა გამოყოფილი კონკრეტული თანხა და სოფლის კრება თავად იღებდა გადაწყვეტილებას, რა განეხორციელებინა თავის სოფელში”, - განაცხადა ბოტკოველმა.
მისივე თქმით, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები „უფრო აქტიურად ჩაერთონ იმ კორუფციულ სქემებში, რომლებიც მოქმედებს ამა თუ იმ რეგიონული პროექტის განხორციელებაში“.