დღეს, ფინანსთა სამინისტროში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის, რომელიც 8 მილიონი ქუვეითური დინარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.
როგორც ფინანსთა სამინსიტრო იუწყება, კერძოდ, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ-იან ხულო-გოდერძის მონაკვეთს. პროექტი ასევე მოიცავს აღნიშნულ მონაკვეთზე 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს.
მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ჰიშამ ალ ვაკაიანმა.
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხულო-გოდერძის საგზაო მონაკვეთის აღდგენა პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი გეგმის - სივრცითი დაგეგმარების მიმართულების ნაწილია, რომელიც კურორტ გოდერძიმდე მისასვლელი გზის აღდგენას ითვალისწინებს.
„აღნიშნული გზის აღდგენა პოტენციურ დამსვენებლებს და ადგილობრივ მოსახლეობას გოდერძის სამთო კურორტზე მისვლას მნიშვნელოვნად გაუიოლებს“, - აცხადებენ სამინისტროში.
გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მისასვლელი გზის მშენებლობა დიდ სტიმულს მისცემს ბიზნეს სექტორს, რათა მათ გოდერძის კურორტზე, განაშენიანების გენერალური გეგმის შესაბამისად, ახალი ტურისტული ობიექტები, მათ შორის, სასტუმროები ააშენონ, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები, რაც რეგიონში მნიშვნელოვან შემოსავალს მოიტანს.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთი სულ 47 -კილომეტრიანია. პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება გზის 29-კილომეტრიან მონაკვეთს. მისი განხორციელების შედეგად აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება, მგზავრებს კი საშუალება ექნებათ უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ.
ხელშეკრულების ხელმოწერას დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.