საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ”გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმებით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები და ქვეყანამ მიიღო უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებამ შესაძლოა სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს. გიორგი მარგველაშვილის პოზიციაზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ისაუბრა.
”მიმდინარე პროცესის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი რეალობა - ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, საბოლოოდ მივიღეთ უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით, რასაც შესაძლოა სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემებიც მოჰყვეს. „გაზპრომთან“ დაკავშირებული თემების მნიშვნელობაზე საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ 2015 წელს ამახვილებდა ყურადღებას, როდესაც მან ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მთავრობის სხდომის მოწვევა მოითხოვა. თუმცა, სამწუხაროდ, მთავრობამ ამ საკითხებზე მსჯელობის აუცილებლობა ვერ დაინახა. პრეზიდენტი საუბრობდა ასევე, უმაღლესი პოლიტიკური პირების მონაწილეობით ჩარჩო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, რომლის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უნდა მომხდარიყო „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების წარმოება - სამწუხაროდ, არც ეს განხორციელდა. 2016 წლის დასაწყისში ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტი ენერგოუსაფრთხოების თემაზე კვლავ ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს.
მთელი ამ პროცესის განმავლობაში პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ „გაზპრომის“ თემა არის უფრო მეტი, ვიდრე ბიზნესგარიგება, რომ ეს არის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და ამის შემდეგ უკვე ენერგეტიკა და ეკონომიკა.
განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ მოხდა ქვეყნის პოზიციების შესუსტება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დეკლარირებული საგარეო-ეკონომიკური ვექტორი არის რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესება და ამ მხრივ, ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევაც მოხერხდა ყველა მიმართულებით. თუმცა, „გაზპრომთან“ ხელშეკრულების ხელმოწერით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან - ენერგოსექტორში, მდგომარეობა გაუარესდა”, - განაცხადა მიშველაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის აზრით, „გაზპრომთან“ მიმართებაში ის მიზნები ვერ იქნა მიღწეული, რაც საგარეო პოლიტიკის შესახებ პარლამენტის მიერ 29 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციაში იყო აღნიშნული.
”პარლამენტის მიერ 2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებული რეზოლუციის მე-8 პუნქტში ვკითხულობთ: „საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან რაციონალურ და პრინციპულ პოლიტიკას...“ ! ხოლო ამავე რეზოლუციის მე-10 პუნქტში წერია: „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ტრანსნაციონალური პროექტებისთვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქმედითი გამოყენება და აღმოსავლეთის ქვეყნებთან ეკონომიკური და სხვა ურთიერთობების გაფართოება.“ საქართველოს პრეზიდენტის აზრით, „გაზპრომთან“ მიმართებაში ეს მიზნები ვერ იქნა მიღწეული”, - აღნიშნა პრეზიდენტი.