აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 2017 წლის პროგრამის ფარგლებში, 12 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს, რომლისთვის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარია გამოყოფილი. უწყების ცნობით, პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი.
„აჭარის რეგიონში მრავალი წელია სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები გვყავს და მათთვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო საცხოვრებელ ფართებს აჭარის რეგიონის გარეთაც იძენდა და იქ ხდებოდა მათი განსახლება, მაგრამ სტიქიური პროცესები აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია, ამიტომ ეს მუდმივი პრობლემა არის აჭარაში. ეს პროგრამა გასული წლიდან ამოქმედდა და გადავწყვიტეთ, რომ უფრო სისტემური ხასიათი მიგვეცა“,- განაცხადა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ლელა სურმანიძემ.
რაც შეეხება ხელვაჩაურში ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლების საკითხს, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვინც არიან სტიქიის შედეგად დაზარალებული, ისინი სახელმწიფოს მხრიდან ყველა დაკმაყოფილებულია.
„თუ ვინმე არის კიდევ დარჩენილი ე.წ „ოცნების ქალაქში“ სტიქიის შედეგად დაზარალებული, შესაძლებელია მათი ამ პროგრამაში ჩართვა. ეს პროგრამა სწორედ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა“,- განაცხადა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, რომლის ფარგლებში გასულ წელს უსაფრთხო საცხოვრისი 96 ეკომიგრანტ ოჯახს შეუძინეს. 2016 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება გაეწია სტიქიის შედეგად დაზარალებულ 61 ოჯახს, 698 050 ლარის ოდენობით. 9 ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით.