დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა მყარი დოლარია.
როგორც შვეიცარიული ბანკის UBS-ის თავმჯდომარე აქსელ ვებერმა დღეს გახსნილ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, დოლარის გამყარება მსოფლიო ბაზარზე შესაძლოა, კიდევ 15 თვეს გაგრძელდეს.
თავის მხრივ ფორუმზე გამოსვლისას აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა ენტონი სკარამუჩიმ აღნიშნა, რომ დოლარის გამყარება რისკების შემცველია.
„ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ დოლარის გამყარებას“, - აღნიშნა სკარამუჩიმ პანელზე გამოსვლისას.
ამავე პანელზე უმსხვილესი ამერიკული საინვესტიციო ფონდის Carlyle Group-ის თავმჯდომარე დევიდ რუბინშტეინმა განაცხადა, რომ დოლარის გამყარებას შესაძლოა „მექსიკური სტილის“ კრიზისი მოჰყვეს.
„მყარი დოლარი ზეწოლას მოახდენს განვითარებადი ბაზრების მქონე ქვეყნებზე, რომლებიც დოლარში ახდენენ დაკრედიტებას. გამყარებული დოლარი უდიდესი გამოწვევა იქნება ეკონომიკური პერსპექტივის მიზნით უახლოეს წლებში“, - აღნიშნა დევიდ რუბენშტეინმა.
შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიოს 47-ე ეკონომიკური ფორუმი დღეს გაიხსნა.
"რეაგირებადი და პასუხისმგებლიანი მმართველობა" - სწორედ ეს იქნება მიმდინარე წლის დავოსის ეკონომიკური ფორუმის თემა.
ორგანიზატორთა განცხადებით, ფორუმზე მონაწილე დელეგატთა რაოდენობამ რეკორდული რიცხვი შეადგინა - დაახლოებით 3 000 მონაწილე მსოფლიოს 90 ქვეყნიდან.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ასევე გაერო-ს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელები. ფორუმში მონაწილე ცნობად სახეებს შორის იქნებიან მეთ დეიმონი და შაკირა.
ფორუმის ფარგლებში დაახლოებით 400 სესია გაიმართება. მთავარი მიმართულებები კი გლობალური ურთიერთობების გადახალისება, მსოფლიო ეკონომიკის გამოცოცხლება, კაპიტალიზმის რეფორმირება და მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია იქნება.