საქართველოს ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს. საქართველოს მუზეუმებში დაცულია მეღვინეობასთან დაკავშირებული ათასწლეულებით დათარიღებული მრავალი ექსპონატი.
არქეოლოგებმა თბილისის სამხრეთით, ქვემო ქართლში, მარნეულის ველზე, დანგრეულ გორას ნასახლარში ძვ. წ. მე-6 ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს და, მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ვაზის კულტურულ სახეობას - "Vitis Vinifera Sativa”-ს მიაკუთვნეს.
კულტურული ვაზისა და ღვინის უძველესი კვალი აღმოჩენილია დანგრეული გორის მეზობლად მდებარე ნეოლითური ხანის სხვა ნამოსახლარებშიც (შულავერის გორა, გადაჭრილი გორა, ხრამის დიდი გორა, არუხლოს გორა, ხიზანაანთ გორა და სხვა). ვაზის წიპწების გარდა, ნაპოვნია კულტურული ხორბლისა და პარკოსნების ნაშთები, სამეურნეო იარაღები და თიხის ჭურჭელი, რითიც მტკიცდება, რომ ძვ. წ. VI-V ათასწლეულში, ნეოლითის ხანაში, აქ დასახლებული ადამიანი უკვე განვითარებულ სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის – მევენახეობასა და მემარცვლეობას ეწეოდა.
ნამოსახლარების გათხრებისას აღმოჩენილი საღვინე თიხის ჭურჭლის ნატეხები მიანიშნებს, რომ უკვე ნეოლითის ხანაში საქართველოს ტერიტორიაზე მწარმოებლური მეურნეობის არა საწყისი, არამედ კარგად განვითარებული ეტაპი იყო, რაც მიუთითებს, რომ ვაზის დომესტიკაცია საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანმა კიდევ უფრო ადრინდელი პერიოდიდან დაიწყო.
სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრის დროს აღმოჩენილი ნეოლითური ხანის ქვევრის ტიპის ჭურჭელი (1), კულტურული ვაზის ნამარხი წიპწები (2), თიხის საღვინე ჭურჭლის ფრაგმენტებში დალექილი ღვინის მჟავა (3) და კულტურული ვაზის მტვერი (4), ველურ და აბორიგენულ ჯიშთა მრავალფეროვნება (5), ღვინის უნიკალური ჭურჭელი - ქვევრი (6) და ქვევრის ღვინის დაყენების დღემდე შემორჩენილი უძველესი ტექნოლოგიები (7) მიუთითებს, რომ საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა.
შულავერ-შომუთეფეს პერიოდის ფაქტებიდან ყველაზე დიდ ყურადღებას ხრამის დიდ გორაზე ნაპოვნი ქვევრის ტიპის ჭურჭელი იპყრობს, რომელსაც მეცნიერები ქვევრის წინაპრად მიიჩნევენ. იგი ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია ექსპონირებული და მსოფლიოში უძველეს საღვინე ჭურჭლადაა მიჩნეული. იხილეთ გაგრძელება