2016 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 2.6%-ით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით კი 8.7%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 60 223 ერთეული შეადგინა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში პირველად სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობაში 9.4%-იანი კლება დაფიქსირდა, ხოლო მეორად მონაცემებში ზრდამ 6.5% შეადგინა.
”წინა წლის დეკემბერთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (22.6%-ით), ისე მეორადი (5.4%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2016 წლის დეკემბერში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 13 049 ერთეული შეადგინა, საიდანაც 7 973 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 47 174 ერთეული შეადგინა, საიდანაც 3 185 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 1 626 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება)”, - ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სარეგისტრაციო მონაცემებით, 22 499 ტრანზაქციით ათეულში თბილისი ლიდერობს, რომელსაც 4 647 ტრანზაქციით ბათუმი და 2 001-ით ქუთაისი მოსდევს. ათეულში ასევე არიან გარდაბანი, მცხეთა, გორი, რუსთავი, ოზურგეთი, ზუგდიდი და მარნეული.