თურქული კომპანია ENA Textile-ის წარმომადგენლები ოზურგეთში „ზარასა“ და „მანგოს“ სამკერვალო ფაბრიკის გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ. როგორც გურიის გუბერნატორის პრესსამსახურიდან იუწყებიან, ENA Textile-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილმაზ აჯარი გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძეს შეხვდა. თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა გურიაში „ზარასა“ და „მანგოს“ სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობისადმი ინტერესი, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება ყველა დეტალის შესწავლის შემდეგ იქნება მიღებული. გუბერნატორთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა წინა მოსამზადებელ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრეს და აღნიშნული პროექტის განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
„ქალაქ ოზურგეთში არსებული უძრავი ქონებისა და რეგიონის საინვესტიციო გარემოს შესწავლის შედეგად მოლაპარაკება შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ჩვენ თურქულ კომპანია ENA Textile-ს პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ“, - განაცხადა გია სალუქვაძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ქალაქში არსებული საპრივატიზაციო ობიექტები და პროფესიული კოლეჯი "ჰორიზონტი" დაათვალიერეს, სადაც პროექტის განხორციელების შემთხვევაში საწარმოში დასასაქმებელი მუშახელის გადამზადება იქნება შესაძლებელი.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა გუბერნატორს მადლობა გადავუხადო გულთბილი მიღებისათვის. მან დაგვარწმუნა, რომ აქ მისაღებია ინვესტიციის ჩადება და ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. გუბერნიის ოფისში ძალიან მომზადებულები დაგვხდნენ. ვაგრძელებთ ჩვენს კვლევებს და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება. ჩვენი კომპანია მუშაობს როგორც „ზარას“, ასევე „მანგოს“ პროდუქციის წარმოებაზე. შესაბამისად, თუკი საბოლოო ყურადღება გურიაზე შეჩერდება, ამ ორივე კომპანიის ბრენდის აქ წარმოებაზე იქნება საუბარი. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ფაბრიკაში პირველ ეტაპზე დასაქმებული იქნება 500 ადამიანი, ხოლო საბოლოო ჯამში მათი რიცხვი სავარაუდოდ, 1000-მდე გაიზრდება. საინვესტიციო თანხა რამდენიმე მილიონი დოლარი იქნება“, - განაცხადა კომპანია ENA Textile-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილმაზ აჯარიმ.
შეხვედრას თურქული კომპანია ENA Textile-ის სხვადასხვა მიმართულების დირექტორები, ასევე აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე, გუბერნატორის მოადგილეები, ქალაქ ოზურგეთის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსი გოჩა კანკავა ესწრებოდნენ.