მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად არის დასახელებული, ფრენის შიში მაინც უამრავ ადამიანს აწუხებს. როგორ იცავენ საქართველოში თვითმფრინავების უსაფრთხოებას? - ამ შეკითხვით სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორს - გურამ ჯალაღონიას მივმართეთ:
- პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ჩვენი მფრინავები მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, თუმცა მგზავრთა უსაფრთხოება მხოლოდ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე არ არის დამოკიდებული. ფრენების უსაფრთხოებას იცავენ ხომალდის ტექნიკური მომსახურების წევრები, ასევე - ხმელეთზე მომსახურების პერსონალი, აეროდრომის პერსონალი, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეები და ა.შ... მათ მიერ ხორციელდება კომპლექსური და სისტემური ღონისძიებები: რისკების მართვა, პერსონალის მუდმივი გადამზადება, ტექნიკური აღჭურვა და ა.შ. ამჟამად საქართველოში რეგისტრირებულია 12 ავიაკომპანია, რეგისტრაციაში იმყოფება ორმოცდაათზე მეტი საჰაერო ხომალდი, სერტიფიცირებულია სამი საერთაშორისო (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) და ოთხი ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი (მესტია, ნატახტარი, თელავი, ამბროლაური), გვყავს ერთი სააერნაოსნო მომსახურების განმახორციელებელი საწარმო - „საქაერონავიგაცია“.
თითოეული მათგანის საქმიანობაზე ზედამხედველობას საქართველოში სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს. ჩვენ გვყავს 36 ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი, ისინი უფლებამოსილნი არიან დაუბრკოლებლად შევიდნენ ინსპექტირების ობიექტზე და ნებისმიერი საბუთი მოითხოვონ, აგრეთვე - შეაჩერონ დაგეგმილი ფრენა, შეუჩერონ, ან შეუზღუდონ ნებისმიერ ავიასპეციალისტს მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილება, თუ შემოწმებისას აღმოჩენილი ხარვეზი საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას. სააგენტო მუდმივ რეჟიმში მუშაობს ავიასაწარმოებთან, რათა საკონტროლო ბარათებსა და ინსპექტირების ანგარიშებში აღრიცხული მცირედი ნაკლოვანებაც კი მითითებულ ვადებში გამოსწორდეს.
-რა ხდება მაშინ, როცა ავიასაწარმო ვერ უზრუნველყოფს ხარვეზების აღმოფხვრას?
-თავად კომერციული ავიაციის ინტერესებში შედის, რომ განუხრელად იყოს დაცული ყველა დადგენილი ნორმა და სტანდარტი. შესაბამისად, ავიასაწარმოები ცდილობენ დაუყოვნებლივ ჩაატარონ მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებები. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ავიასაწარმო ვერ ან არ უზრუნველყოფს ნაკლოვანებების აღმოფხვრას, სააგენტო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დააკისროს, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში - სერტიფიკატის მოქმედების ვადაც კი შეუჩეროს.
-რამდენად მაღალია ჩვენს ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების სტანდარტები და თუ შეესაბამება ისინი საერთაშორისო ნორმებს და სტანდარტებს?
-ისევე, როგორც სხვა სფეროებში, სამოქალაქო ავიაციაშიც არის საერთაშორისო თუ რეგიონული ორგანიზაციები, რომლებიც გლობალურ სტანდარტებს ადგენენ. გასულ წლებში საქართველომ მკვეთრად გააუმჯობესა საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მაჩვენებლები. მაგალითად, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) 2016 წლის აუდიტის შემდეგ საქართველომ პირველად, გლობალური უსაფრთხოების გეგმით დადგენილ 60%-იან მაჩვენებელს გადააჭარბა და 64.64%-იანი შედეგი აჩვენა. ასევე გაუმჯობესდა სხვა მაჩვენებლებიც.
-ბატონო გურამ, ბოლო წლებში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ამა თუ იმ უცხოური ავიაკომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლის შესახებ. თუ მოწმდება მათი უსაფრთხოება ჩვენი მხარის მიერ ?
-ყველა სახელმწიფო ვალდებულია შეამოწმოს მის ტერიტორიაზე მოქმედი ავიაკომპანიები. ეს ეხება საქართველოში შემოსულ უცხოურ გადამზიდავებსაც. რა თქმა უნდა, ამ საქმეში ჩვენი სააგენტო აქტიურად მონაწილეობს. უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებას განსაზღვრავს ევროკავშირის პროგრამა, რომლის სახელწოდებაა - SAFA. ამ პროგრამის საფუძველზეც ხორციელდება უცხოური საჰაერო ხომალდების გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება და მოწმდება საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობა, ამგვარი ინსპექტირება წელიწადში საშუალოდ 70 უცხოეთში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდს უტარდება.
-ცნობილია, რომ ბოლო წლებში ავიაკატასტროფების რიცხვი შემცირებულია, თუმცა თითოეული ასეთი შემთხვევა პოტენციურ მგზავრებზე უარყოფითად მოქმედებს. ძირითადად, რა მიზეზების გამო ხდება ავიაკატასტროფა, ან რის ხარჯზე შემცირდა მათი რაოდენობა?
-ტრაგიკული შემთხვევა შეიძლება გამოიწვიოს ტექნიკურმა და ადამიანურმა ფაქტორებმა, მეტეოროლოგიურმა პირობებმა, ასევე - მართლსაწინააღმდეგო ქმედებებმა - იქნება ეს ტერორიზმი, თვითმფრინავის გატაცება და სხვა. სერიოზული საავიაციო შემთხვევები ხშირად რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობის გამო ხდება. გასული საუკუნის 70-80-იან წლებთან შედარებით ავიაკასტროფების რიცხვი მართლაც საგრძნობლად არის შემცირებული. ეს იმის ბრალია, რომ საავიაციო ტექნიკა უფრო სრულყოფილი გახდა, შეიქმნა და დაიხვეწა ფრენის მართვის ავტომატიზირებული სისტემები, საავიაციო სისტემაში დიდი ყურადღება დაეთმო ადამიანური ფაქტორის შესწავლას და სპეციალისტების მომზადებას... მაგალითად: 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ საავიაციო უშიშროების სფეროში ერთიორად გამკაცრდა სტანდარტები, შემოღებულია დამატებითი ზომები, რაც შეიძლება მგზავრისთვის დისკომფორტს იწვევდეს, მაგრამ აუცილებლობით არის ნაკარნახევი. რეგულაციები მკაცრდება ეკიპაჟის წევრების დასვენებისა და სამუშაო დროის ნორმირების მხრივაც, რათა გადატვირთული რეჟიმის ფონზე კონცენტრაციის დაკარგვის შემთხვევები შემცირდეს. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ავიასპეციალისტების ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზეც, კიბერდანაშაულის პრევენციაზე, უპილოტო საჰაერო ხომალდების მოძრაობის რეგულირებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც მგზავრთა უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში უზრუნველყოფს.
ხათუნა ჩიგოგიძე