სამთავრობო ცვლილებებით, 2017 წლის 1 ივლისიდან ქონების რეალიზაციის, მომსახურების ან რეკლამირებისას ფასის ლარში გამოხატვა სავალდებულო გახდება. დეველოპერების თქმით, ამან სამშენებლო ბიზნესს შესაძლოა გარკვეული ზიანი მიაყენოს. მათივე ცნობით, ფასის ლარში გამოხატვა უძრავი ქონების გაძვირებასაც გამოიწვევს.
როგორც კომპანია „რედკოს“ აღმასრულებელი დირექტორი მალხაზ კუნელაური „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, ფასის ლარში გამოქვეყნება შესაძლოა, ერთი მხრივ ეკონომიკური სტაბილიზაციისთვის კარგი იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ, ბიზნესისთვის გარკვეული რისკის შემცველია.
„ჩვენი პოზიციაა, რომ ამ საკითხის ასე ხელაღებით განხილვა არ შეიძლება. საკონტრაქტო პირობებში, მით უმეტეს თუ განვადებით ხდება ქონების შეძენა, ლარით ფასის განსაზღვრა რისკის შემცველია. თუ კლიენტს ღირებულების 1 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გადახდა სურს, მაგრამ 1 წლის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა, 1 წლის წინ დადებულ კონტრაქტში კი კონკრეტული ფასია განსაზღვრული, აშკარაა რომ ბიზნესი ზარალდება. თუ მხოლოდ რეკლამირებაზეა საუბარი, ჩვენგან პრობლემა არ არის იმ შემთხვევაში, თუ ეს ლარის სტაბილიზაციაზე დადებით გავლენას მოახდენს.
„არ არის გამორიცხული, ფასის ლარში დაფიქსირებას ღირებულების ოდნავ გაძვირებაც მოყვეს, რათა დანამატმა შესაძლო გაუფასურების პერიოდში ბიზნესის სტაბილურობა უზრუნველყოს“, - აღნიშნა კუნელაურმა.
დეველოპერული კომპანიის „ათორის“ დამფუძნებელი ბესო თხელიძე კი ამბობს, რომ ფასის ლარში გადაყვანა უძრავი ქონების ბაზარზე უკეთესობისკენ ბევრს ვერაფერს შეცვლის.
„ბანკები ჩვენ, დეველოპერებს სესხს ლარში არ გვაძლევენ. ჩვენ თვითღირებულება მაინც დოლარში უნდა დავიანგარიშოთ იმიტომ, რომ სესხს დოლარში ვიღებთ. ლარში გადაყვანა უკეთესობისკენ არაფერს შეცვლის და მეტიც, სანამ ხალხი შეეჩვევა, შეიძლება უარესობისკენაც შეიცვალოს,“-აღნიშნა თხელიძემ.