საია „გაზპრომის“ საკითხზე ენერგეტიკის სამინისტროსგან გარკვეული ინფორმაციის გაცემას მოითხოვს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ენერგეტიკის სამინისტროსგან „გაზპრომის“ მიერ სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაციის გაცემას მოითხოვს.

შესაბამისი განცხადებით ენერგეტიკის სამინისტროს დღეს საია-ს პროექტის კოორდინატორმა სულხან სალაძემ მიმართა. როგორც მან განმარტა, საია უწყებისგან შემდეგი ინფორმაციის გაცემას მოითხოვს:

1. საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომთან“ გაფორმებული იმ ხელშეკრულების ასლი, რომლის მოქმედების ვადაც 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა;

2. 2017 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ახალი ხელშკრულების გაფორმების მიზნით „გაზპრომთან“ წარმოებული მოლაპარაკების ამსახველი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი;

3. 2017 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულების თაობაზე „გაზპორმთან“ მიღწეული შეთანხმების ასლი.

როგორც სულხან სალაძემ აღნიშნა, თუ წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილი რომელიმე ინფორმაცია წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას, მაშინ საია ითხოვს, სამინისტრომ მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით საიდუმლოდ მიჩნევის დამადასტურებელი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი. როგორც სულხან სალაძემ აღნიშნა, ენერგეტიკის სამინისტრომ საია-ს განცხადებაზე პასუხი უნდა გასცეს განცხადების წარდგენიდან მაქსიმუმ 10 სამუშაო დღის ვადაში.

„ჩვენ დაველოდებით ამ ვადის გასვლას და პასუხს სამინისტროსგან და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა სამართლებრივი მექანიზმები შეიძლება გამოვიყენოთ შემდგომ იმისთვის, რომ მივიღოთ სასურველი ინფორმაცია. მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი თავისი არსით არ შეიძლება იყოს თავიდან ბოლომდე საიდუმლო ინფორმაცია, რა ტიპის საიდუმლოზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენ. ვინაიდან თავად სამინისტრო და სხვა ჩინოვნიკები ხშირ შემთხვევაში საუბრობენ გარკვეულ დეტალებზე, რომელიც ამ შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს. თუკი თავად შეთანხმება თავიდან ბოლომდე საიდუმლოა, ბუნებრივია, მაშინ არც ამ შეთანხმების დეტალებზე არ უნდა იყოს საუბარი საჯაროდ“, - განაცხადა სულხან სალაძემ.