საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქუვეითურ კომპანიებს საქართველოში ბიზნეს-პარტნიორების მოძიებაში დაეხმარება , - ამის შესახებ შეთანხმება სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანისა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილის, ჰიშამ ალ ვაკაიანის შეხვედრის დროს შედგა.
როგორც პალატიდან იუწყებიან, ძირითადი სფეროები, რომლებიც ქუვეითის მხარეს აინტერესებს, წყლის წარმოებას, სოფლის მეურნეობას, კვების მრეწველობას, ხორცის ექსპორტსა და ქვანახშირს მოიცავს, თუმცა ალ კაიანმა ნინო ჩიქოვანს სხვა სფეროებში დასაქმებული კომპანიების შესახებაც სთხოვა ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ ფონდი ქუვეითის სახელმწიფო ორგანოა და ბიზნესის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს, თუმცა ჰიშამ ალ ვაკაიანის განმარტებით, ბიზნეს-სექტორებს შორის კონტაქტების დამყარების ხელშეწყობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენელთან ერთად საქართველოს ელჩი ქუვეითში როლანდ ბერიძეც იმყოფებოდა, რომელმაც პალატის პრეზიდენტს უახლოეს მომავალში ბიზნეს-დელეგაციასთან ერთად ქუვეითში ვიზიტი შესთავაზა.
ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პალატებს შორის სამომავლო თანამშრომლობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდება.
მხარეებმა შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობებიც განიხილეს.
”საქართველოში ვიზიტის ფარგლებში არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდმა საქართველოს მთავრობასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც 8 მილიონი ქუვეითური დინარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს, რომლითაც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ-იან ხულო-გოდერძის მონაკვეთს.
პროექტი ასევე მოიცავს აღნიშნულ მონაკვეთზე 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს”, - ნათქვამია სავაჭრო-სამრეწველო პალატის განცხადებაში.