მამუკა მდინარაძე - საფინანსო კომპანია „საქართველოს“ საქმესთან მიმართებაში საპარლამენტო კონტროლი გაძლიერდება

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ საქმესთან მიმართებაში საპარლამენტო კონტროლი გაძლიერდება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, შეხვედრა მეანაბრეებთან იყო საკმაოდ საგნობრივი და მოხდა გარკვეული შედეგების მიღწევა. კერძოდ, გაძლიერდება საპარლამენტო კონტროლი ამ მიმართულებით, რათა საბოლოო ჯამში გამოძიებამ თავისი სიტყვა თქვას.

„თითოეული ადამიანის ბედი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს საქართველოში. ჩვენ გვქონდა ძალიან საგნობრივი საუბარი, მეანაბრეებს ჰქონდათ მყარი არგუმენტი, ბუნებრივია, ისინი დაზარალებულები არიან და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს დამნაშავის გამოვლენის მიზნით და მაქსიმალურად შეეცადოს ზიანის ანაზღაურებას. ჩვენ ავუხსნით მათ, რომ საპარლამენტო კონტროლი ამ მიმართულებით გაძლიერდება. მე ვფიქრობ, საბოლოო ჯამში გამოძიება თავის სიტყვას იტყვის“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციები შეწყდება. რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, მდინარაძის თქმით, ხვალ დაგეგმილია იურისტებთან თემის განხილვა, ხოლო შეხვედრა მოსახლეობასთან უახლოეს მომავალში დაიგეგმება.

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეებთან შეხვედრა საქართველოს პარლამენტში დაახლოებით 17.00 საათზე დაიწყო და ერთ საათს გასტანა.