„გაზპრომთან“ დადებული შეთანხმება კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ თუ იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამის გასაჯაროება , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება წლების განმავლობაში ფორმდებოდა, როგორც სააკაშვილის, ისე შევარდნაძის დროს და ის საჯარო არ იყო.
”ბოლო დროს არასწორი განცხადებები ისმის, თითქოს ეს ხელშეკრულება არის გრიფით „საიდუმლო“. გრიფით „საიდუმლო“ სხვა ხარისხის კომერციულ საიდუმლოებასთან მიმართებაში. რაც შეეხება პრეზიდენტს, მას აქვს იმის ფუფუნება და შესაძლებლობა, რომ მოითხოვოს ამ ხელშეკრულების დეტალები, მას აქვს წვდომა და არ უნდა ეს არაკვალიფიციური და უარგუმენტო განცხადებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ და ეს სამწუხაროა. თავად საიდუმლოებას რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ ყველა ასეთი ტიპის ხელშეკრულება, ნებისმიერ ქვეყანაში არის კომერციული საიდუმლოება”, - განაცხადა კახა კალაძემ.
მინისტრმა გაიხსენა, რომ კომერციული საიდუმლოების სახით ქვეყანას სხვა ხელშეკრულებებიც აქვს გაფორმებული, მაგალითად შაჰდენიზთან.
”ოკუპანტ სახელმწიფოსთან იგივე ხელშეკრულება წლების განმავლობაში იყო კომერციული საიდუმლოება, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, შევარდნაძის ხელისუფლების დროს ფორმდებოდა ეს ხელშეკრულებები. ექსპერტებთან შეხვედრის დროს ძალიან ბევრი დეტალი გაჟღერდა ამ ხელშეკრულების. მე გაძლევთ პირობას, თუ იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამის გასაჯაროება”, - განაცხადა კალაძემ.