გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც უმაღლესი განათლების მიღება სტუდენტებს უფასოდ შეუძლიათ.
ფინეთი
ამჟამად ფინეთში სწავლა უფასოა და სტუდენტებისთვის გადასახადი არ არსებობს მათი ეროვნებისა და სწავლების საფეხურის მიუხედავად. თუმცა 2017 წლის შემოდგომიდან სწავლა უფასო დარჩება მხოლოდ ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. ცვლილება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს შეეხება. დოქტორანტურა კი ნებისმიერი წარმომავლობის სტუდენტისთვის უფასო დარჩება.
უფასო სწავლის მიუხედავად, სტუდენტებმა სწავლის პერიოდში ფინანსები და ხარჯები კარგად უნდა დაგეგმონ, რადგან ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო თანხის გაღება მათ თავად მოუწევთ. სტუდენტისთვის საშუალო ყოველთვიური ხარჯი ფინეთში 500-800 ევროა.
ამ დროისთვის ფინეთში სტიპენდიები ხელმისაწვდომია მხოლოდ სადოქტორო პროგრამებისა და კვლევებისთვის.
ავსტრია
ავსტრიაში ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის წარმომადგენელი ქვეყნების წარმომადგენლობისთვის სწავლა უფასოა. ხოლო სწავლის მსურველს, რომელიც სხვა ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელია, სახელმწიფო უნივერსიტეტში სემესტრულად დაახლოებით 363.36 - 726.72 ევროს გადახდა მოუწევს. დამატებით 17.50 ევრო იქნება გადასახდელი სტუდენტთა გაერთიანების წევრობისთვის და 50 ევრო - ყოველსემესტრული დაზღვევისთვის. ნაკლებად განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლებმა შეიძლება უფასო სწავლის შესაძლებლობა მიიღონ და მათ მხოლოდ სტუდენტთა გაერთიანების წევრობისა და დაზღვევის საფასურის გადახდა მოუწევთ.
სტუდენტებისთვის ავსტრიაში ყოველთვიური საშუალო ხარჯი 800 ევროა.
ნორვეგია
ნორვეგიის სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში სტუდენტებისთვის, მათ შორის საერთაშორისო სტუდენტებისთვის, სწავლის გადასახადი არ არსებობს. ეს განათლების ნებისმიერ საფეხურს ეხება. სტუდენტებს მხოლოდ 35-70 დოლარის გადახდა უწევთ სემესტრულად.
ნორვეგიის კერძო უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადი არსებობს ნებისმიერი სტუდენტისთვის. თუმცა ის, სხვა ქვეყნების ანალოგიურ უნივერსიტეტებთან შედარებით, ბევრად დაბალია.
მეორე მხრივ, ნორვეგიაში სტუდენტების ცხოვრების ხარჯი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ის ყოველწლიურად დაახლოებით 90 000-100 000 დოლარია.
გერმანია
გერმანიაში საბაკალავრო პროგრამები უფასოა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის. ზოგი უნივერსიტეტი ადმინისტრაციულ გადასახადს, დაახლოებით 50 დოლარს, ითხოვს ყოველთვიურად. სამაგისტრო პროგრამები გერმანიაში ფასიანია. თუმცა ის, სხვა ქვეყნებთან შედარებით, იაფია.
სადოქტორო პროგრამები გერმანიაში ფაქტობრივად უფასოა. სწავლის დამთავრების შემდეგ დოქტორანტებს უწევთ სემესტრისთვის დაახლოებით 150-200 ევროს გადახდა. თუმცა მათი უმეტესობა მუშაობს სადოქტორო პროექტებზე, რომელიც ანაზრაურებადია ან იღებენ სტიპენდიას.
გერმანიაში ცხოვრებისთვის სტუდენტებს სემესტრულად დაახლოებით 500-800 ევრო სჭირდებათ.
შვედეთი
შვედეთში ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური ზონის, სკანდინავიური ქვეყნების და შვეიცარიის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სწავლა უფასოა. საერთაშორისო სტუდენტებისთვის კი სწავლა ფასიანია, თუმცა მათთვის არსებობს სრული ან ნაწილობრივი სტიპენდიბი, რომელიც სწავლის ღირებულებას ფარავს.
დოქტორანტები ყოველთვიურად იღებენ ხელფასს უნივერსიტეტების ან სხვა ფინანსური ორგანიზაციებისგან.
ნანა მღებრიშვილი