გია ხუხაშვილი - კახა კალაძეს ერთ რამეს ვურჩევდი - მარცხის ღირსეულად აღიარება ხშირ შემთხვევაში უკეთესია, ვიდრე ვირტუალური გამარჯვების გამოცხადება

კახა კალაძეს ერთ რამეს ვურჩევდი - ღირსეულად მარცხის აღიარება ხშირ შემთხვევაში უკეთესია, ვიდრე ვირტუალური გამარჯვების გამოცხადება , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის გუშინდელი განცხადების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, აჟიოტაჟს, რომელიც ”გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების გამო საზოგადოებაში წარმოიშვა, ის ბუნდოვანება იწვევს, რაც ამ საკითხის ირგვლივ ტრიალებს.

მისივე თქმით ხელისუფლება ფაქტობრივად იქამდე მივიდა, რომ დამარცხება გამარჯვებად გამოაცხადა.

”კახი კალაძეს ერთ რამეს ვურჩევდი - ღირსეულად მარცხის აღიარება ხშირ შემთხვევაში უკეთესია, ვიდრე ვირტუალური გამარჯვების გამოცხადება. გასაგებია, რომ მოლაპარაკებები მძიმეა და პრინციპში შეიძლება ობიექტური საფუძველი ჰქონდეს იმას, რა გადაწყვეტილებასაც იღებ, მაგრამ სჯობს სიმართლე ილაპარაკო, ვიდრე შეეცადო რაღაცნაირად ეს ყველაფერი შეფუთო და მარცხი გამარჯვებად გამოაცხადო. ყოველთვის ვერ მოიგებ. ამან მე გამახსენა წინა ხელისუფლების განცხადებები იგივე ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებით, რომ

"მაპ-ზე უკეთესი მივიღეთ“. დაახლოებით ეს რიტორიკა გამახსენა კალაძის გუშინდელმა განცხადებებმა. რაც შეეხება პოპულიზმს ოპონენტების მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს პოპულიზმი ჭარბად ისმის, მაგრამ მისი მხრიდანაც - ის განცხადებები, რაც გუშინ გაკეთდა, რბილად რომ ვთქვათ, არაა დაცლილი პოპულიზმისგან. მე ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნებოდა მან თქვას სიმართლე - რატომ ვერ მოხერხდა წელს ის, რაც ხერხდებოდა ძალიან ბევრი წლის განმავლობაში. მე დაახლოებით ვიცი ამის მიზეზი და ვხვდები რა არის, მაგრამ ვიქნები კორექტული და ახლა ამაზე არ ვისაუბრებ. გასაგებია, რომ ყველაფერი კარგი ოდესღაც მთავრდება, მაგრამ წელს რატომ დამთავრდა, ამის ახსნას სჭირდება რაციონალური არგუმენტაცია. რა დამატებითი არგუმენტები აღმოაჩნდა ”გაზპრომს” წელს ისეთი, რაც არ ჰქონდა შარშან. გვითხრას ამის შესახებ და შეიძლება არც არაფერი იყოს სააჟიოტაჟო”, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის განცხადებით, ის არ იზიარებს უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ ფინანსურად და ეკონომიკურად დღეს ქვეყანას უარესი მდგომარეობა აქვს.

”სამწუხაროდ, საქართველოში ასე ხდება, რომ პირობითად ორი სიმართლე ერთმანეთს ეჯახება და ჭეშმარიტება რჩება კადრს მიღმა. ასე დაგვებედა საერთოდ. უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით იმ აჟიოტაჟს, რაც ატეხილია და ბრალდებებს ხელისუფლების მიმართ, არანაირად არ ვიზიარებ. ეს არასწორია, რადგან უსაფრთხოების თვალსაზრისით აქ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და ზედმეტად დრამატიზება, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია. თუმცა საჭიროა იმის აღიარება, რომ ფინანსურად და ეკონომიკურად ჩვენ დღეს გვაქვს უარესი პირობები, ვიდრე გვქონდა შარშან. თუ იმ ნატურით მიღებულ გაზს გადავიყვანთ თანხაში, წლევანდელი წლიდან დაწყებული მივიღებთ უფრო ნაკლებ სარგებელს ამ ოპერაციიდან და მომავალ წელს უფრო გაუარესდება ეს ყველაფერი”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები ძველი ინერციით მოქმედებენ და დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ „გაზპრომთან“ მიმართებაში რაციონალური ნაბიჯები გადადგა.