„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი „გაზპრომთან“ მიღწეულ შეთანხმებაში გარკვეულ საფრთხის შემცველ მომენტებს ხედავს. როგორც ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია ხელშეკრულება გასაჯაროვდეს. მისივე თქმით, თავიდანვე ძალიან ბუნდოვანი იყო ენერგეტიკის მინისტრის და ზოგადად ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტები „გაზპრომთან“ მიღწეული ხელშეკრულების ირგვლივ.
”ხელისუფლება და ენერგეტიკის მინისტრი საუბრობენ, რომ ეს არის სასარგებლო კონტრაქტი ქართული სახელმწიფოსთვის, მაგრამ საზოგადოებაში და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არის სამართლიანი შეკითხვები კონტრაქტის ირგვლივ. ეს ხელშეკრულება არის გასაიდუმლოებული, რაც არასწორია საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. კონტრაქტი უნდა იყოს ღია. შესაბამისად, თუ ეს კონტრაქტი იქნებოდა საჯარო, თუ იქნებოდა დეტალურად ახსნილი რა ხელშეკრულება გააფორმა ქართულმა სახელმწიფომ „გაზპრომთან“, არ იქნებოდა აჟიოტაჟი. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, წერილით მივმართე ენერგეტიკის სამინისტროს და მოვითხოვე ამ კონტრაქტის ასლი. მინდა გავეცნო ამ კონტრაქტის დეტალებს და შინაარსს და უფრო მეტი საშუალება მექნება კომპეტენტური კომენტარის გაკეთების. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვხედავ საფრთხის შემცველ პროცესს. ეს განცდა რომ მოიხსნას, აუცილებელია აღმოიფხვრას ბუნდოვანება”, - განაცხადა ინაშვილმა.
რაც შეეხება კახა კალაძის პარლამენტში დაბარებას უმცირესობის მხრიდან, ინაშვილის თქმით, მინისტრს, როდესაც უმცირესობა, ან ოპოზიციური ფრაქცია იბარებს, ის უნდა გამოცხადდეს პარლამენტში.
”თუ მინისტრს იბარებს უმცირესობა, ან ოპოზიციური პარტია, ის ვალდებულია მობრძანდეს და ახსნა-განმარტებები მისცეს ფრაქციის და ოპოზიციის წარმომადგენლებს. მარტო უმრავლესობის შეთავაზებებს უნდა დათანხმდეს?” - განაცხადა ინაშვილმა.
სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.