”გაზპრომთან” მოლაპარაკებებში მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა. მისი თქმით, ამ მოლაპარაკებების შედეგად ქართული მხარისთვის გამოვიდა ძალიან ოპტიმალური ვარიანტი, რომლის მიხედვითაც არც მოსახლეობა, არც ბიზნესი და არც საქართველოს ინტერესები არ დაზარალდება.
”ის, რომ ტრანზიტის საფასურის გადახდა ნატურის ნაცვლად ხდება ფულით, ეს იყო მაქსიმუმი რისი მიღწევაც შეიძლებოდა. არც ერთი ოპონენტი, რომელიც აკრიტიკებს „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებას, არ აფიქსირებს, რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას უფრო მეტი და არ გააკეთა. მაქსიმუმის მაქსიმუმი არის გაკეთებული. უფრო მეტის მიღწევა იყო შეუძლებელი. ამ ხელშეკრულებაში ძალიან კარგი პირობებია ჩადებული ქართული მხარისთვის. ის, რომ პოლიტიკური შოუს დადგმა უნდა ოპოზიციას, ცალკეულ პოლიტიკურ ფიგურებს, ამაში ახალი არაფერია არც ჩვენთვის და არც ქართული პოლიტიკური სივრცისთვის. ფასთან და იმასთან დაკავშირებით რაც კომერციული საიდუმლოებაა, მე, ამის გასაჯაროებას არ ვაპირებ. ძალიან კარგია და მომგებიანი პირობებით, ყველაფერი გაკეთებულია ქართული მხარისთვის. ჩვენ შევინარჩუნეთ ერთი მხრივ როგორც სატრანზიტო ფუნქცია, ასევე შევინარჩუნეთ ბუნებრივი აირის მოწოდება რუსეთის მხრიდან”, - განაცხადა ძიძიგურმა.
რაც შეეხება ”ნაციონალური მოძრაობის” რეზოლუციას ”გაზპრომთან” დაკავშირებით, როგორც ძიძიგური აღნიშნავს, ეს არის მცდელობა იმის, რათა დაადასტურონ რომ უფრო მაგარი ოპოზიციონერები არიან, ვიდრე დანარჩენი სხვა.
”ბოკერიას ფრთაც და სააკაშვილის ფრთაც ეცდება რაც შეიძლება ხმამაღლა იყვირონ „გაზპრომთან“ დაკავშირებით, რათა მათ დაადასტურონ, რომ უფრო მაგარი ოპოზიციონერები არიან, ვიდრე დანარჩენი სხვა, ამაში ახალი არაფერია”, - განაცხადა ძიძიგურმა.