რა პერსპექტივა აქვს საქართველოში ფინანსური ბაზრის განვითარებას

ეროვნულმა ბანკმა და თბილისის საფონდო ბირჟამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ანგარიშსწორების სისტემის რეფორმა დაიწყეს. რეფორმის შედეგად, საქართველოში გამოშვებული ნებისმიერი ტიპის ფასიანი ქაღალდით ანგარიშსწორება ერთიანი სისტემის ფარგლებში იქნება შესაძლებელი. ამავდროულად, საფონდო ბირჟა შეისყიდის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სავაჭრო პალტფორმას კომპანია Montran Corporation-ისგან, რომელმაც ადრე საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული ანგარიშსწორების სისტემის დანერგვა უზრუნველყო.

მხარეთა შორის ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა და პროექტის საორგანიზაციო საბჭოს პირველი შეკრებაც გაიმართა. პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2017 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რეფორმა თბილისის საფონდო ბირჟისადმი საერთაშორისო ნდობის ამაღლებას გამოიწვევს, რასაც ბაზრის განვითარება მოჰყვება, ცვლილებების შემდგომ გაცილებით სანდო და მიმზიდველი გახდება თბილისის საფონდო ბირჟაც, რომლის წლიური ბრუნვა ამჟამად დაახლოებით 50 მილიონი ლარია.

შეუწყობს თუ არა რეფორმა ხელს ფინანსური ბაზრის განვითარებას?

- ამ საკითხის შეფასება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ელგუჯა მექვაბიშვილს ვთხოვეთ.

- რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, თბილისის საფონდო ბირჟამ და კომპანია Montran Corporation-მა გააფორმეს ხელშეკრულება, რომლითაც ფასიანი ქაღალდების ვაჭრობისა და ანგარიშსწორების სისტემის რეფორმა იწყება. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პროექტის ფარგლებში მოხდება „ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების სისტემის განახლება და მასში ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ჩართვა“.

ამჟამად მოქმედი სისტემით ეროვნულ ბანკში ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ სახელმწიფოს და ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით. ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება ამ პროცესში ყველა ტიპის ქართული ფასიანი ქაღალდის ჩართვა და ამასთანავე ანგარიშსწორება იქნება „სწრაფი, დაცული და მოსახერხებელი“. ამასთან ერთად, ახალი სისტემის დანერგვა „ხელს შეუწყობს უცხოური საფინანსო ინსტიტუციებისა და ინვესტორების საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე წვდომის გაადვილებას“. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბატონმა კობა გვენეტაძემ ძალიან მაღალი შეფასება მისცა ამ პროექტს და აღნიშნა, რომ მას „ბაზრის განვითარება უნდა მოჰყვეს“.

-ბატონო ელგუჯა, თქვენ როგორ შეაფასებდით ამ ცვლილებებს?

- ჩვენი აზრით სებ-ის პრეზიდენტის შეფასება და ოპტიმიზმი ამ საკითხში გადაჭარბებულია. რა თქმა უნდა, ამ პროექტის სახით საქმე გვაქვს ტექნიკური ხასიათის წინგადადგმულ ნაბიჯთან, თუმცა, კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რომელიც თავის მხრივ, ცივილიზებული და ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის საფუძველია, ფუნდამენტური და სისტემური ხასიათის ცვლილებების გატარება ესაჭიროება.

მსოფლიოს მოწინავე გამოცდილება ადასტურებს, რომ საბანკო-საკრედიტო მექანიზმი და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მექანიზმი არის ორი ერთმანეთის ალტერნატიული და კონკურენტული ფენომენი, რომელიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდება. მათ შორის არსებული კონკურენცია ორივეს განვითარებას უწყობს ხელს. საქართველოს სინამდვილეში კი, სრულიად საპირისპირო მდგომარეობასთან გვაქვს საქმე:

საბანკო სექტორის მიერ ფასიანი ქაღალდების ბაზარი სრულად კონტროლდება. ბანკები არიან საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, რეგისტრატორებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის თითქმის ყველა საბროკერო კომპანიის მფლობელები. შექმნილი სიტუაცია, ჩემი აზრით, არის წლების განმავლობაში ყველა დონეზე ძლიერი ლობისტური ჯგუფის მოქმედების შედეგი. მეთოდურად და სისტემატურად ხდებოდა ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის დამახინჯება, რასაც შედეგად ფასიანი ქაღალდების ბაზრის დისკრედიტაცია და დანგრევა მოჰყვა.

- რას გულისხმობთ „დანგრევაში“?

- ჯერ ერთი, გაუქმდა დამოუკიდებელი რეგულატორი და ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობა ჩაბარდა ეროვნულ ბანკს, რომლის მთავარ საზრუნავს ყოველთვის საბანკო სფეროს განვითარება წარმოადგენდა; მეორე - ბანკებს მიეცათ უფლება უშუალოდ ჩართულიყვნენ ამ საქმიანობაში; გაუქმდა შეზღუდვები საფონდო ბირჟის მესაკუთრეობაზე და ბანკებს მიეცათ შესაძლებლობა სრულად დაპატრონებოდნენ კონკურენტი სფეროს ინფრასტრუქტურას. გარდა ამისა, თუ ამ ცვლილებებამდე ბირჟაზე დაშვებულ ფასიან ქაღალდებზე გარიგებები აუცილებლად კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში - ბირჟაზე უნდა დადებულიყო, ამ ცვლილებების შემდეგ ეს აღარ იყო აუცილებელი.

შედეგად, გარიგებათა 95%-ზე მეტმა ბირჟის გარეთ, ჩრდილში, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტულ გარემოში გადაინაცვლა. ამით ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარს ხელოვნურად დააკარგვინეს მისი კონკურენტუნარიანობისათვის აუცილებელი კომპონენტი - ლიკვიდურობა. ამით კვლავ საბანკო სექტორი დარჩა მოგებული, ვინაიდან კიდევ უფრო გაიზარდა მისი უალტერნატივობის ფაქტორი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში სრულყოფილი კაპიტალის ჩამოყალიბების სასიცოცხლოდ აუცილებელ პირობად მიგვაჩნია ფინანსურ სფეროში ბანკოკრატიის სახით არსებული საბანკო მონოპოლიზმის აღმოფხვრა.

-თქვენი შეფასებით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს ფინანსური ბაზარი განვითარდეს?

-ამისთვის რამდენიმე პირობის შესრულებაა საჭირო: საფონდო ბაზრის აუცილებელი ატრიბუტის - საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის აღდგენა; საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც კომერციული ბანკების რეგულატორს და მათი ინტერესების გამტარებელ ინსტიტუტს, უნდა ჩამოერთვას საფონდო ბაზრის კონტროლის ექსკლუზიური უფლება; უნდა გაუქმდეს ე.წ. „ფიქსინგის“ ანუ საჯარო ბირჟაზე მყოფი აქციის გარეთ დაფიქსირებით გაყიდვის წესი, რომლის მოქმედების შედეგი გახდა არატრანსპარანტული საფინანსო ბაზრის წარმოქმნა; ასევე უნდა შერბილდეს საბროკერო კომპანიების მიმართ გატარებული უმკაცრესი პოლიტიკა, რომლის შედეგად საქართველოში, ფაქტობრივად, აღარ დარჩა კომერციული ბანკისგან დამოუკიდებელი შუამავალი რგოლი - საბროკერო კომპანია.

ჩვენთვის სრულიად გაუგებარია ის ფაქტი, რომ 2015 წლიდან საბროკერო კომპანიას ლიცენზიის შენარჩუნებისთვის მოეთხოვება 500 000 ლარი და ამასთანავე, კაპიტალის შევსების წყაროდ მიჩნეულია მხოლოდ ფულადი რესურსი. გაცილებით უფრო მაღალი რისკების მატარებელ ისეთ სტრუქტურას, როგორიცაა მიკროსაფინანსო კომპანიები, სებ-ის ინსტრუქციით, მხოლოდ 250 000 ლარის კაპიტალი სჭირდება. დასკვნის სახით, კი ეროვნულ ბანკს და ყველა შესაბამის სტრუქტურას, რომელსაც ამ პრობლემასთან აქვს შეხება, ვურჩევდი, რომ ტექნიკურ საკითხებზე ყურადღების გამახვილებასთან ერთად მისი გადაჭრის ფუნდამენტურ საკითხებზეც იზრუნონ.

ხათუნა ჩიგოგიძე