მანქანების გაძვირებამ ავტობაზარი უკვე შესამჩნევად დააზარალა. ზოგიერთმა კომპანიამ და კერძო დილერმა, რომლებიც საქართველოში ავტმობილების იმპორტს ეწეოდნენ, საქმიანობა შეწყვიტა. ნაწილი კი იმ მანქანების გაზრდილ ფასად გაყიდვას აპირებს, რომლებიც შეკვეთილი აქვთ და ჩამოსვლას ელოდებიან. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამასობაში წლის დასაწყისიდან მოყოლებული უკვე რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი მანქანები 10-15%-ით გაძვირდა.
უკვე დარეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ღირებულება ერთ-ორ თვეში კიდევ უფრო მოიმატებს და მათი მფლობელები შეეცდებიან მეტი მოგებით გაყიდონ. როდესაც ბაზარზე დეფიციტია, გაძვირება ლოგიკურია, თუმცა გამორიცხული არ არის, სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მოსახლეობამ მაღალი ფასის გადახდა ვერ მოახერხოს.
2017 წლის იანვრიდან მარჯვენასაჭიან მანქანებზე აქციზის განაკვეთი გასამმაგდა. ამ კატეგორიის მანქანების თვითღირებულებაში აქციზის კომპონენტი, მაგალითისთვის, თუ ადრე 1000 ლარი იყო, ახლა უკვე 3000 ლარამდე გაიზარდა. გადასახადი გაძვირდა იმდენად, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანის შემოყვანა საბოლოოდ კარგავს აზრს. დიდი ალბათობით, მთავრობა ასე აგვარებს მარჯვენასაჭიანების იმპორტის პრობლემას, რითაც მოჭარბებული იმპორტის საკითხიც მოგვარდება.
ავტოდილერები, რომლებსაც წლებია საქართველოში იაპონიიდან მანქანები ჩამოჰყავთ, საქმიანობას წყვეტენ. გიორგი ცერცვაძე ერთ-ერთი მათგანია, რომელიც განბაჟების გაძვირების შემდეგ ავტომობილების ჩამოყვანას აღარ აპირებს. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, უკვე რეგისტრირებული მანქანების ძვირად გაყიდვას აპირებს, ხოლო მათი სრულად რეალიზაციის შემდეგ საქმიანობის შეწყვეტას.
"4 წელია მე და ჩემს ძმას საერთო ბიზნესი გვქონდა, მანქანები ჩამოგვყავდა იაპონიიდან. საკმაოდ მომგებიანი იყო ჩვენი ერთობლივი წამოწყება. მთავრობის დადგენილებით აქციზის გაძვირება, რასაკვირველია, ავტომობილის შეძენის ხარჯსაც აძვირებს და საერთო ჯამში, საავტომობილო ბიზნესზე უარყოფითად მოქმედებს. ახალ წლამდე მოვასწარით და დღესდღეობით 25 მანქანა გვყავს რეგისტრირებული, რომელიც ჩვენი სახსრებით განვაბაჟეთ. ამისთვის ბანკიდან კრედიტიც კი ავიღეთ. ამ 25 მანქანას აუცილებლად მომატებული ფასით გავყიდით, რადგან საბანკო ვალდებულების დაფარვის გარდა, ჩვენც დაგვრჩეს ცოტა მეტი მოგება.
ხანდახან იმასაც ვფიქრობ, როგორ გავყიდი მანქანას, რომელიც რამდენიმე თვის წინათ 3000 დოლარი ღირდა, 6000 დოლარად? ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. ხალხში ფული არ ტრიალებს, თუმცა სხვა გამოსავალი არც ჩვენ გვაქვს და მანქანების გაძვირება აუცილებლად მოგვიწევს", - განუცხადა "რეზონანსს" ცერცვაძემ.
მარჯვენასაჭიანების კიდევ უფრო გაძვირებას ელოდება თემურ კაცაძეც, რომელიც საკუთარი ავტომობილის გაყიდვას მხოლოდ მას შემდეგ აპირებს, როდესაც მათი ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.
"მარჯვენასაჭიანი მანქანის გაყიდვა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც მეორე მანქანა (მარცხენასაჭიანი შევიძინე). დღეს იაპონური ავტომობილები 10-15%-ით გაძვირებულია. იმ მანქანების ღირებულება, რომლებიც უკვე გასაბაჟებელია, რასაკვირველია, მაღალია, თუმცა არც განბაჟებულს ადევს ნაკლები ფასი. სწორედ ამის გამო ჩემი მანქანის გაყიდვა გადავწყვიტე, თუმცა ჯერ არ ვჩქარობ, რადგან ველოდები კიდევ როდის მოიმატებს ფასი, რაც გარდაუვალია. ამის შემდეგ კი გავყიდი", - განუცხადა "რეზონანსს" კაცაძემ.
ავტომობილების გაძვირებას მყიდველები სკეპტიკურად უყურებენ. ნიკა ტალიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მანქანის ყიდვას ფინანსებიდან გამომდინარე ვეღარ ახერხებს. სამომავლოდ მათი კიდევ უფრო გაძვირება მოსახლეობას რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს, რადგან უმრავლესობა საჭიროებისთვისაც კი ვეღარ მოახერხებს მანქანის შეძენას.
"არ ვარ მომხრე, რომ უსაშველოდ გაზარდონ გადასახადი ავტომობილებზე, ბაზარს ამით რეალური მყიდველი დააკლდება. ხალხი მანქანას საჭიროებიდან გამომდინარე ყიდულობს. რეგულაციების შემდეგ მათი იმპორტიც და რეალიზაციაც შემცირდება და ავტომობილი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ფუფუნების საგანი გახდება. მაგალითად, მე ნამდვილად მჭირდება მანქანა, რომლის შეძენას ვეღარ ვახერხებ. სანამ გაძვირდებოდა, იმდენი თანხა არ მქონდა, რომ მეყიდა, რასაც ახლა ძალიან ვნანობ. ჯობდა თანხის ის ნაწილი, რაც მაკლდებოდა, კრედიტის მეშვეობით დამემატებინა, მაგრამ ასეთი სისწრაფით ავტომობილების გაძვირებას ვერ წარმოვიდგენდი", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ტალიაშვილმა.
2016 წლის მონაცემებით, საქართველოში აქტიური სტატუსით რეგისტრირებული 1 136 961 ავტომანქანაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში "აქტიური" სტატუსით რეგისტრირებული იყო 1 136 961 ერთეული ავტომანქანა (მსუბუქი/სამგზავრო/სატვირთო/სპეციალიზებული).
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოში ავტომობილების რაოდენობამ 8%-ით მოიმატა. 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1 053 181 იყო. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 2016 წელს, რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 419 193 შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 7%-ით აღემატება. 2015 წელს დედაქალაქში 389 756 ავტომობილი აღირიცხებოდა. 2016 წელს ქვეყანაში შემოვიდა 83 780 მანქანა, აქედან დაახლოებით 40 000-მდე მარჯვენასაჭიანი იყო.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"