2015 წელთან შედარებით, 2016 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა 20%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2016 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11966 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2114 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (4 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 9852 მლნ აშშ დოლარს (27 პროცენტით მეტი).
„აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 7233 მლნ აშშ დოლარს (1 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წელს 7738 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1658 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქსტატის ცნობით, 2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3601 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 571 მლნ აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3030 მლნ აშშ დოლარი (20 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 30 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 27 პროცენტი და იმპორტში 31 პროცენტი (2015 წელს შესაბამისად 32, 29 და 33 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 32 პროცენტი (2015 წელს 34 პროცენტი).
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წელს 2721 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2015 წელთან შედარებით 3 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 739 მლნ აშშ დოლარი (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1983 მლნ აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 23 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 35 პროცენტი და იმპორტში 20 პროცენტი (2015 წელს შესაბამისად 28, 38 და 25 პროცენტი). 2016 წელს დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 16 პროცენტი (2015 წელს 20 პროცენტი).
საქსტატის ცნობით, 2016 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია კანადა (1832 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (1525 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (881 მლნ აშშ დოლარი).
2016 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 312 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15 პროცენტი შეადგინა. თხილის ექსპორტი 179 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 169 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წელს კვლავ სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 2892 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 29 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი 2619 მლნ აშშ დოლარია. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 619 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 473 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).