"ევროპული საქართველო" ეჯიბრება თავის ყოფილ, თუ დღევანდელ კოლეგებს იმაში, თუ რომელი უფრო მწვავე, შეუვალი და შეუდრეკელი იქნება "ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკი გამოეხმაურა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელ სერგო რატიანის განცხადებას, რომელიც პარლამენტში „გაზპრომის“ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს.
"კახა კალაძეს უარი არ უთქვამს, არის საკითხები, რომელზეც რეგლამენტით არ არის აუცილებლობა, რომ დაუყოვნებლივ გამოიქცეს და დაიწყოს ამ თემაზე კომენტარების გაკეთება. საკითხზე არის სრული ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან. რაც შეეხება თავად თემას, საინტერესო თემაა, მაგრამ ყველაფერი ზედაპირზე დევს. მე ვფიქრობ, "ევროპული საქართველო" ეჯიბრება თავის ყოფილ თუ დღევანდელ კოლეგებს იმაში, თუ რომელი უფრო მწვავე, შეუვალი და შეუდრეკელი იქნება "ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის საკითხებში. ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ბრძოლის დღის წესრიგია, მათ შორის ამ ჯგუფის, რომელიც ითხოვს ამ საკითხის დაუყოვნებლივ განხილვას. აბსოლუტურად ყველაფერი ნათელია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ერთადერთი მიზანი, რაც ამ ჯგუფს აქვს, არის, რომ მოაწყოს პოლიტიკური სპექტაკლი და გადაიტანოს ყველაფერი ისტერიკაში, რისი რეალური საფუძველიც არ არსებობს. ვოლსკი მიიჩნევს, რომ დებატების საფუძველი არ არსებობს და ეს ყველაფერი სპექტაკლის ნაწილია.
"რაზე უნდა ვიდებატოთ? იმაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს გაზი? გადახილ იქნეს თუ არა სატრანზიტო გადაზიდვისთვის გარკვეული თანხა? და გვაქვს თუ არა რესურსი იმის, რომ რუსეთს რასაც ვეტყვით, როგორც დავუქნევთ თითს, ისე იმოქმედებს? ეს არის სადებატო თემა და მე ვფიქრობ, რომ სწორედ სკანდალური ფონის და სცენარის აგორება არის მთავარი პოლიტიკური მიზანი. დანარჩენი ამის უკან არ არსებობს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმცირესობა „გაზპრომის“ თემაზე პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს.
როგორც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უმცირესობის ფრაქციებთან შეხვედრაზე უარი თქვა, რითაც მინისტრმა კანონი დაარღვია, მათი მოთხოვნაა პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვა.