აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. ტრადიციულად, აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონია საკმაოდ ძვირად ღირებული ღონისძიებაა.
2009 წელს ბარაქ ობამას ინაუგურაციის ცერემონიის ხარჯები რეკორდული აღმოჩნდა და საერთო ჯამში 170 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ხარჯები 175-200 მილიონ აშშ დოლარამდე დაჯდება.
როგორც წესი, იმის დადგენა თუ ზუსტად რა ჯდება ინაუგურაცია, რთულია, ვინაიდან ინაუგურაციისთვის გამოყენებული თანხები არ არის მარკირებული როგორც „ინაუგურაციის მიზნებისათვის“.
მაგალითად, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ინაუგურაციის ხარჯებს აღნიშნავს როგორც „ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ღონისძიება“.
ინაუგურაციისთვის განკუთვნილი თანხა წარმოადგენს გადამხდელებისა და კერძო შემომწირველების ნარევს. სახელმწიფო სახსრებით ხდება ფიცის დადების ცერემონიის, უსაფრთხოების და მსგავსი საკითხების ფინანსური მხარდაჭერა.
ინაუგურაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები ძირითადად ფინანსდება მსხვილი შემომწირველების მიერ პრეზიდენტის საინაუგურაციო კომიტეტის მეშვეობით, რომელიც კერძო არასამთავრობო ორგანიზაციაა და არჩევნების შემდეგ იქმნება, რათა წარმოადგინოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინტერესები.
2013 წელს ობამას ინაუგურაციის ცერემონიაზე შემოწირულების სახით 44 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა. ხოლო ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიის შემოწირულებამ 90 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ყოველი პრეზიდენტის საინაუგურაციო კომიტეტს თავისი წესები აქვს იმის თაობაზე, თუ ვის შეუძლია და ვის არა შემოწირულობის გაკეთება. კერძოდ, ტრამპმა ლობისტებად დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს აუკრძალა შემოწირულების გაკეთება. კორპორაციებს 1 მილიონამდე აშშ დოლარის შეწირვა შეუძლიათ.