შემიძლია უმრავლესობის მხრიდან გითხრათ, რომ ჩვენ “გაზპრომის“ საკითხთან დაკავშირებით აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კითხვები არ გვაქვს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. “ჩვენ ვიცით მოლაპარაკება როგორც წარიმართა. ჩვენ ვიცით, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ რამდენადაც შესაძლებელი იყო ამ მოლაპარაკების პროცესში, საქართველოსთვის საუკეთესო პირობები მიეღო. ამიტომ ჩვენ საჭიროდ არ ჩაგვითვლია ენერგეტიკის მინისტრის მოწვევა საქართველოს პარლამენტში ან უმრავლესობის სხდომაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.
“ინტერპრესნიუსს“ კითხვაზე, რა ფორმატში მიიღეს უმრავლესობის წევრებმა ინფორმაცია “გაზპრომთან“ მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ჩუგოშვილმა შემდეგი განმარტება გააკეთა: ჩვენ ვართ ერთი გუნდის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ამ საკითხზე, ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე გვაქვს შეხვედრები და განხილვა, რაც სრულიად ბუნებრივი, სწორი და ჯანსაღი პროცესია.
“ჩვენ გვქონდა შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრთან და მის მოადგილესთან. ყველა კითხვაზე პასუხი მივიღეთ. არანაირი ეჭვები ამ საკითხთან დაკავშირებით ნამდვილად არ გვაქვს“, - დასძინა ჩუგოშვილმა.
უნდა აღინიშნოს, რომ მედიისათვის და ასევე საპარალამენტო უმრავლესობის ცალკეული დეპუტატებისთვის საპარლამენტო ფორმატში გამართული ასეთი შეხვედრის თაობაზე არაფერია ცნობილი.
საპარლამენტო უმცირესობა „გაზპრომის“ თემაზე პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს.
როგორც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უმცირესობის ფრაქციებთან შეხვედრაზე უარი თქვა, რითაც მინისტრმა კანონი დაარღვია, მათი მოთხოვნაა პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვა.