"პატრიოტთა ალიანსი" ხელისუფლებას მოუწოდებს, „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების დეტალები გაასაჯაროოს , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერებმა, დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა განაცხადეს.
დავით თარხან-მოურავმა საქართველოს მიერ გაზის ტრანზიტის შედეგად მიღებულ შესაძლო დივიდენდებზე დეტალურად ისაუბრა.
"მინდა შევეხო ე.წ. გაზის კონტრაქტს. 2016 წელს გაზის მოცულობამ, რომელიც რუსეთმა მიაწოდა სომხეთს, საქართველოს გავლით, შეადგინა 2 მლრდ100 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, წელს აღნიშნული მაჩვენებელი იქნება სავარაუდოდ, 2 მლრდ 400 მლნ კუბური მეტრი და მომავალში ეს მონაცემები გაიზრდება. გამომდინარე მოლაპარაკების პირობებიდან, საქართველოს რჩებოდა ბუნებრივი აირის 10%, ანუ დაახლოებით 240 მლნ კუბური მეტრი გაზი. 1000 კუბური მეტრის ღირებულება ჩვენთვის უცნობია, მაგრამ შევჯერდეთ 185 დოლარზე. ეს ნიშნავს, რომ შემოსავალი იქნებოდა 44 მლნ 400 ათასი დოლარი. ამასთან, ყველა ქვეყანა, რომელიც ყიდის გაზს, იქნება ეს რუსეთი, საუდის არაბეთი თუ სხვა, ყველა ცდილობს ტრანზიტში გადაიხადოს ფული, რადგან სატრანზიტო ღირებულება ყოველთვის არის იაფი", - განაცხადა დავით თარხან მოურავმა.
მისივე თქმით, ყველა ვარიანტში, საქართველოს მიერ მიღწეული შეთანხმება წამგებიანია.
"ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლება არ არის მარტივ მდგომარეობაში, თუ უარს იტყვის გაზის გატარებაზე, მოძმე სომხეთი დაგვადანაშაულებს ბლოკადაში, მაგრამ მოლაპარაკება, რომელიც ხელისუფლებამ აწარმოა, არ იყო სასარგებლო ქვეყნისთვის. არ იყო ხარისხიანად წარმოებული. ყველაფერი ეს გატარდა საიდუმლოდ. რომ არ ყოფილიყო საიდუმლოება, ამდენი ეჭვი არ იქნებოდა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გონივრულ ვადაში გახადოს საჯარო ეს ინფორმაცია", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, რომ შესაძლოა, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კორუციულ გარიგებებში იყოს ჩართული „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების პროცესში, თარხან მოურავი აცხადებს, რომ ამის ეჭვი არ აქვს.