საქართველოში ოქროს ფასმა ბოლო 1 თვის განმავლობაში 1.5-5 ლარის ფარგლებში მოიმატა.
ადგილობრივი ფინანსური ინფორმაციის პლატფორმის „აგორა ფინანსების“ ცნობით, დღეის მდგომარეობით, უმაღლესი 999 სინჯის ოქროს ფასი გრამზე 4.13 ლარით გაიზარდა. უმაღლესი ხარისხის ოქრო დღეს - 103.25 ლარი ღირს მაშინ, როცა 26 დეკემბერს მისი ღირებულება - 99.12 იყო.
ასევე გაიზარდა ფასები სხვა სინჯის ოქროზეც. კერძოდ, 375 სინჯის ოქროზე ფასი 37.20 ლარიდან 38.76 ლარამდე გაიზარდა, 500 სინჯის - 49.61 ლარიდან 51.68 ლარამდე. 583 სინჯის გრამი ოქროს ფასი დღეს - 60.26 ლარია, ხოლო 26 დეკემბრის მდგომარეობით 57.84 ლარი ღირდა, 750 სინჯის ოქროს ფასი 74.41 -დან 77.52 ლარამდე გაიზარდა. 3.72 ლარით გაძვირდა 900 სინჯის ოქროც და მისი ფასი 89.30 ლარიდან 93.02 ლარამდე გაიზარდა.
19 იანვარს ოქროს ფასი მსოფლიოს ბაზარზეც გაიზარდა. ანალიტიკოსთა განცხადებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის ფონზე ინვესტორების შიშია.
ნიუ იორკის Comex-ის ბირჟაზე ოქროს ფიუჩერსები 0,17%-ით - 2.10 დოლარით გაიზარდა და უნციაზე 1215 დოლარი შეადგინა.
1.03%-ით გაძვირდა ვერცხლის მარტის ფიუჩერსები, რომლის ფასმა უნციაზე 17.33 დოლარი შეადგინა.