ბორჯომის შესასვლელში შეიარაღებულმა ნიღბიანმა კომპანია "ვისოლის" კუთვნილი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა.
სადგურის ოპერატორის ზურაბ ცერცვაძის განცხადებით, ბენზინგასამართ სადგურზე 4 პირი მორიგეობდა.
"4 ადამიანი ვიყავით მორიგე. ორს ეძინა, ორი კი ავტომანქანებს საწვავს უსხამდა. სწორედ ამ დროს შემოიჭრა ბენზინგასამართ სადგურზე შეიარაღებული ნიღბიანი პირი. იგი შეიარაღებული იყო პისტოლეტით და იარაღის მუქარით თანხა მოითხოვა. გაიტაცა 600 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩვენ არ შეგვინიშნავს მის გარდა იყვნენ თუ არა სხვა თანამზრახველებიც. მუქარა მხოლოდ ერთი შეიარაღებული პირისგან მოდიოდა. ამოცნობა ვერავინ შეძლო იქიდან გამომდინარე, რომ სახეზე ნიღაბი ეკეთა", - აცხადებს ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ დროისთვის ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.