„ფორბსის“ რუსული გამოცემის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე საკუთარი კოლექციიდან ცნობილი მხატვრების სამი ნამუშევარი გაყიდა.
საერთო ჯამში გაყიდული ნახატების ფასმა 111,8 მილიონი დოლარი შეადგინა.
გამოცემის ცნობით, 2016 წლის ნოემბერში ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე მე-20 საუკუნის ცნობილი ჰოლანდიელი ფერმწერისა და სკულპტორის უილიამ დე კუნინგის ტილო „უსათაურო XXV” 66,3 მილიონ დოლარად გაყიდა. ვინ შეიძინა ჰოლანდიელი აბსტრაქციონისტის ნამუშევარი, არ ხმაურდება. თუმცა ცნობილია, რომ ვაჭრობა ტელეფონით შედგა. ტილოს საწყისი ფასი 37 მილიონი დოლარი იყო.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა დე კუნინგის ტილო 2009 წლის იანვარში 35 მილიონ დოლარად შეიძინა.
როგორც „ფორბსის“ რუსული გამოცემა წერს, დე კუნინგის ტილოს გაყიდვამდე, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ჰოლანდიელი ფერმწერის სხვა ცნობილი ნამუშევარი 12 მილიონ დოლარად შეიძინა.
გამოცემის ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე საკუთარი კოლექციიდან ხელოვნების კიდევ ერთი ნიმუში გაყიდა - პაბლო პიკასოს „ბიჭი ჩიბუხით“ 18,4 მილიონ დოლარად. პიკასოს ტილო ყოფილმა პრემიერმა 2007 წლის ნოემბერში ნიუ იორკის „სოტბის“ აუქციონზე 11,8 მილიონ დოლარად შეიძინა.
გასული წლის ივნისში ივანიშვილმა ლონდონის „კრისტის“ აუქციონზე გასაყიდად ორი ნახატი გაიტანა, მათ შორის ბრიტანელი მხატვრის ლუსიენ ფროიდის „იბი და მისი ქმარი“, რომლის საწყისი ფასი 24 მილიონი დოლარი იყო. თუმცა, ნახატი არ გაიყიდა.
იმავე აუქციონზე საქართველოს ყოფილმა პრემიერმა 27,1 მილიონ დოლარად გაყიდა ფრენსის ბეკონის ტილო, რომელიც 2006 წელს ნოემბერში „სოტბის“ აუქციონზე 15 მილიონ დოლარად შეიძინა.
ბიძინა ივანიშვილის კოლექციაში ყველაზე ძვირადღირებული პაბლო პიკასოს „დორა მაარი კატებთან ერთად” არის, რომელიც 2006 წელს „სოთბის“ აუქციონზე 95,2 მილიონ დოლარად შეიძინა.
„ფორბსის“ ბოლო 2017 წლის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 4.5 მილიარდი დოლარია. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერის ქონება 4,8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.