საქართველოს მთავრობამ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი კომპანია "იალონს" გადასცა.
მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ”იალონს” შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც შპს „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-SPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, შპს „იალონს“ გადაეცა, სანაცვლოდ "იალონი" სახელმწიფოს სამ მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობებით გადასცემს.
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის პრივატიზებასთან დაკავშირებით "მეიდან ჯგუფი", რომლის შვილობილო კომპანიაც შპს "იალონია" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
""მეიდან ჯგუფი", რომლის შვილობილი კომპანია არის შპს „იალონი“, 16 წელია ოპერირებს ძველ თბილისში და ქმნის მნიშვნელოვან ტურისტულ ინფრასტრუქტურას მუხრანთუბანი-აბანოთუბანის მარშრუტზე. ძირითადი საქმიანობაა ისტორიული მნიშვნელობის უძრავ ქონებაში ინვესტიციების განხორციელება, ამ ობიექტების ისტორიული უნიკალურობისა და ხიბლის შენარჩუნება, მიმდებარე ტერიტორიაზე სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა და ტურიზმის განვითარება. ჩვენს ჯგუფს გააჩნია დიდი გამოცდილება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლების რეაბილიტაციის, უშუალოდ ძეგლების მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების შენარჩუნების კუთხით, ამასთანავე გააჩნია წარმატებული გამოცდილება ტურისტული ინფრასტრუქტურის (მაგ. სასტუმროები) ობიექტებისა და აგრეთვე, სამედიცინო დანიშნულების მსხვილი ობიექტების ფუნქციონირების. სწორედ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ბალნეოლოგიური კურორტის სრულყოფის მიზნით, შპს “თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-SPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრ”-ში განხორციელდეს სოლიდური ინვესტიციები. ჩვენი კომპანიის ინტერესიც სწორედ ეს გახლდათ და რაც შეეხება მის მომგებიანობას, სწორი მენეჯმენტისა და კერძო ბიზნესის (და არა სახელმწიფოს) მხრიდან ინვესტიციების განხორციელებით ობიექტი აუცილებლად მომგებიანი იქნება.
ობიექტი საპრივატიზებოდ გამოვიდა სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი და ძალზედ ღირებული ქონების ურთიერთგადაცემის სანაცვლოდ და აღნიშნულის მიუხედავად, ჩვენი კომპანია დამატებით გადაიხდის რამდენიმე მილიონს. რაც შეეხება გათვლებს, ამისათვის არქიტექტურული პროექტი უნდა შედგეს, გათვალისწინებულ უნდა იქნას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რა საშუალება მიეცემა კომპანიას ობიექტის რეკონსტრუქციისათვის და მხოლოდ ამის შემდგომ გვეცოდინება, რა ვადაში შევძლებთ ინვესტიციის ამოღებასა და მოგებაზე გასვლას.
"მეიდან ჯგუფმა" აღნიშნული ობიექტის პრივატიზაციით იკისრა მთელი რიგი ვალდებულებები, მათ შორის: არსებული კრედიტორული დავალიანებების (ასეულ ათასობით), მათ შორის სახელფასე და საგადასახადო დაფარვა; ყველა არსებული სამედიცინო პროგრამის შენარჩუნება; განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საბავშვო-სამედიცინო პროგრამებს და მეტად ადაპტირებული გახდება შშმ პირებისთვის; სამედიცინო-ბალნეოლოგიური პროფილის მუდმივად შენარჩუნება; დასაქმებული პერსონალის არანაკლებ 80%-თან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება; 8 000 000 ლარის + დღგ ინვესტიციის განხორციელება, დაახლოებით 10 000 000 მილიონი ლარი (3 წლის განმავლობაში); სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისას ბალნეოლოგიური კურორტის უწყვეტად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბალნეოლოგიური კურორტისთვის აუცილებელი სანატორიუმის ტიპის სასტუმროს ნომრების (არანაკლებ 30) შექმნა; „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძეგლის) დაცვა და ხელშეკრულების გაფორმება ძეგლის მოვლა-პატრონობაზე სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო“-სთან; სამშენებლო/სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება", - ნათქვამია "მეიდან ჯგუფის" განცხადებაში.
(R)