სესხების გალარების პროგრამა დადებითად აისახება როგორც უკვე არსებულ მსესხებლებზე, ისე საზოგადოების თითოეულ წევრზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.
როგორც გაგუამ აღნიშნა, სესხების გალარების პროგრამა ლარიზაციის მასშტაბური რეფორმის ერთ-ერთი პირველი ეტაპია. მისივე თქმით, ლარიზაციის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.
„ლარიზაციის რეფორმაზე მუშაობისას ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების მაგალითები, მათ შორის, ცენტრალური ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების რამდენიმე წარმატებული მაგალითი. აღნიშნულ ქვეყნებში დედოლარიზაცია გადაიზარდა სწრაფ და მდგრად ეკონომიკურ მატებაში და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი“, - განაცხადა გაგუამ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად შეიმუშავეს ლარიზაციის ღონისძიებები, რომლის გაცნობაც შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
„ესაა ლარიზაციის ე.წ. 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ლარის გრძელვადიანი სესხების ხელმისაწვდომობის ზრდას, სავალუტო რისკების გადანაწილებასა და ლარით ფასდადების მიმართულებებს“, - განაცხადა გაგუამ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკური თეორიებიდან, არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისა და ეკონომიკური ექსპერტის კვლევებიდან ცნობილია, რომ მაღალი დოლარიზაციის პირობებში შეზღუდულია ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მოქნილობა.
„სესხების დოლარიზაციის შემცირება მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით. საკრედიტო პორტფელის ლარიზაციის ზრდა გაცვლითი კურსის რისკის რეალიზაციის შედეგად წარმოქმნილ საკრედიტო რისკებს შეამცირებს, აამაღლებს როგორც მსესხებელთა, ისე ფინანსური სექტორის სტაბილურობას, რაც თავის, მხრივ, დადებითად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე. ამრიგად, სესხების გალარების პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანი ეტაპია ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესში, დადებითად აისახება როგორც უკვე არსებულ მსესხებლებზე, ისე საზოგადოების თითოეულ წევრზე. შემცირებული დოლარიზაციის პირობებში გაიზრდება ეფექტიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა, რაც უმნიშვნელოვანესია დაბალი და ზომიერი ინფლაციის, დაბალი საპროცენტო განაკვეთების და შედეგად, სტაბილური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად“, - განაცხადა გაგუამ.
სესხების გალარების პროგრამა 2017 წლის 17 იანვარს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამა ეხება ფიზიკურ პირზე 2015 წლის 1-ელ იანვრამდე აშშ დოლარში გაცემულ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს. მთავრობა უზრუნველყოფს სესხების გალარებას შეღავათიანი კურსით, რომელიც შეადგენს კონვერსიის დღეს არსებულ პუნქტს მინუს 20 თეთრი 1 აშშ დოლარზე. სუბსიდია არ შეეხება მაღალი შემოსავლების მქონე პირებს, ანუ ვისი წლიური შემოსავალი 2015 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან ვისი სესხის ნარჩენი ოდენობა აღემატება 100 ათას აშშ დოლარს. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.