პროგრამის დაწყებიდან სამი დღის (20 იანვრის) მონაცემებით, სესხების გალარებაზე ინფორმაციის მისაღებად ბანკებს 2 000-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, ხოლო 100-ზე მეტმა სესხი უკვე გაალარა , - ამის შესახებ საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა.
როგორც გვასალიამ აღნიშნა, 17 იანვარს ანუ გალარების პროგრამის დაწყების პირველივე დღეს, ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების დაახლოებით, 8%-მდე შეეხმიანა.
მისი ინფორმაციით, 100-ზე მეტმა სესხი უკვე გაალარა. საშუალო პროცენტი, რომელიც გალარებისას დაფიქსირდა, 10-11 პროცენტია.
გვასლიას განცხადებით, გალარების დაწყებიდან 5 სამუშაო დღე, რა პერიოდშიც კომერციული ბანკები აღნიშნული პროგრამის შესახებ პოტენციურ ბენეფიციარებს შეეხმიანებიან, ჯერ არ გასულა. გარდა ამისა, მისივე თქმით, თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ სესხების გალარების პროგრამა მას ეხება და ამავე დროს, მომსახურე ბანკიდან არავინ უკავშირდება, შეუძლია თავად მივიდეს ბანკში და გალარების პირობებს გაეცნოს.
სესხების გალარების პროგრამა 2017 წლის 17 იანვარს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამა ეხება ფიზიკურ პირზე 2015 წლის 1-ელ იანვრამდე აშშ დოლარში გაცემულ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს. მთავრობა უზრუნველყოფს სესხების გალარებას შეღავათიანი კურსით, რომელიც შეადგენს კონვერსიის დღეს არსებულ პუნქტს მინუს 20 თეთრი 1 აშშ დოლარზე. სუბსიდია არ შეეხება მაღალი შემოსავლების მქონე პირებს, ანუ ვისი წლიური შემოსავალი 2015 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან ვისი სესხის ნარჩენი ოდენობა აღემატება 100 ათას აშშ დოლარს. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.