ჯანდაცვის სამინისტრო - არაერთი შემთხვევაა, როდესაც მწვავე ფსიქიკური მდგომარეობის მქონე პაციენტი არასრული მკურნალობის გამო, კლინიკაში რამდენჯერმე ხვდება

მონიტორინგის სამსახურის ანალიზმა აჩვენა, რომ 2016 წელს არსებული დაფინანსების სისტემა კლინიკებს რიგ შემთხვევებში აძლევდა მანიპულირების საშუალებას , - ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ქვეყანაში კლინიკების საქმიანობას ეხება.

როგორც განცხადებაშია საუბარი, უწყების ახალი მეთოდოლოგია უზრუნველყოფს თანხების სამართლიან გადანაწილებას ქრონიკული მდგომარეობის მქონე პაციენტებზე.

”გასული წლის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის სამსახურის ანალიზმა აჩვენა, რომ 2016 წელს არსებული დაფინანსების სისტემა კლინიკებს რიგ შემთხვევებში აძლევდა მანიპულირების საშულებას. გამოიკვეთა არაერთი შემთხვევა, როდესაც მწვავე ფსიქიკური მდგომარეობის მქონე პაციენტი არასრული მკურნალობის გამო კლინიკაში არაერთხელ ხვდებოდა თვის განმავლობაში. ეს კლინიკებს აძლევდა საშუალებას, არასრული მკურნალობით მოეპოვებინა ფინანსები.

ახალი მეთოდოლოგია ასეთ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს და უზრუნველყოფს თანხების სამართლიან გადანაწილებას ქრონიკული მდგომარეობის მქონე პაციენტებზე. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული საწოლების რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ პაციენტებს მიეწოდოთ დროული და ხარისხიანი მომსახურება. ცხადია, ეს ცვლილებები არ იქნება მისაღები იმ დაწესებულებებისთვის, რომელბმაც თავად უნდა გადაწყვიტონ, რა იქნება მათთვის პრიორიტეტი - პაციენტი თუ ფინანსური სარგებელი. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ცვლილელები პირველ რიგში მიმართულია პაციენტების ინტერესებისკენ”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა რიგ სამედიცინო დაწესებულებაში ფსიქიატრიული სერვისების დახურვის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. საუბარია მწვავე განყოფილებებზე, რომლებიც განთავსებული იყო ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში.