არანაირად მართებული არ არის 166 ბაგა-ბაღის მმართველი რგოლის ხელფასი შედარებული იქნეს იგივე საბავშვო ბაღის აღმზრდელის ხელფასთან , - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ განუცხადა.
თემურ თორდინავამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ბოლო პერიოდში თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”რესპუბლიკელების” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტოს ადმინისტრაციის ხელფასები მაღალია. თემურ თორდინავას თქმით, მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 2 500 ლარს. იგი აცხადებს, რომ ამ ოდენობის ხელფასს იგი იღებს 2014 წლიდან და ასე მიიღებს 2017 წელსაც. თორდინავა მიიჩნევს, რომ ხათუნა სამნიძის განცხადებები, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გასულ წელს განხორციელებული რეფორმების გადაფარვას ემსახურებოდა.
”დიახ, ჩემი ასაღები ხელფასი არის 2 500 ლარი. არანაირად არ არის მართებული, რომ შედარებული იქნეს იგივე აღმზრდელის ხელფასთან. 166 ბაღის მმართველ რგოლს უფრო მაღალი ხელფასი აქვს და ეს არის ჩვეულებრივი მენეჯმენტის სურათი, განსაკუთრებული ამაში არაფერია”, - განაცხადა თემურ თორდინავამ.
მისივე თქმით, სააგენტო მზად არის ნებისმიერი პირის შეკითხვებს უპასუხოს. მან ასევე განაცხადა, რომ ”რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებს გასულ წელს შეხვდნენ და ანგარიში წარუდგინეს. თუ პარტია შეხვედრის ინიციატივას კვლავ გამოთქვამს, თორდინავა მზად არის შეკითხვებს უპასუხოს.
თემურ თორდინავამ ასევე განაცხადა, რომ 2016 წლის თებერვლიდან საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები 5%-დან 20%-მდე გაზარდეს. თორდინავას თქმით, ყველაზე დაბალი ხელფასის მქონე პერსონალს თანხა 20%-ით გაეზარდა. თორდინავა აცხადებს, რომ შესაბამისად, ამ მიმართულებით სააგენტო მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს. კერძოდ, თორდინავას თქმით, 2017 წელს, როდესაც შეიქმნება აღმზრდელ პედაგოგთა პროფესიული სტანდარტი, კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს აღმზრდელ პედაგოგთა ანაზღაურების გათანაბრება მასწავლებლის ხელფასთან.