სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, ბერიაშვილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერიიდან იუწყებიან.

მათივე ცნობით, ბერიაშვილის ქუჩის 500-მეტრიან მონაკვეთში იგება ასფალტის საფარი და ეწყობა სანიაღვრე ქსელი.

აღნიშნული ქუჩა ერთმანეთთან აკავშირებს გაბაშვილისა და გახოკიძის ქუჩებს.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია სამგორის რაიონის გამგებელთან, გიორგი ბაგრატიონთან ერთად გაეცნო. მერის თქმით, ნახევარ კილომეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობით ორი სტრატეგიული მნიშვნელობის ქუჩა დაუკავშირდება ერთმანეთს.

„სამგორის რაიონში, დღეისათვის, 20-მდე მისამართზე ვმუშაობთ, სადაც გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები. კონკრეტულად, აღნიშნული პროექტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ნახევარ კილომეტრზე მეტი გზა კეთდება, რომელიც ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქუჩას აკავშირებს ერთმანეთთან. ამ თვალსაზრისით გადაადგილება ძალიან რთული იყო და, შესაბამისად, მივიღეთ აღნიშნული ქუჩის მოწესრიგების გადაწყვეტილება. პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სკინჩი“ აწარმოებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება.

„ბერიაშვილის ქუჩის გარდა, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს წმინდა ბარბარეს უბანში და ლილოს დასახლებაში, ასევე, გიგინეიშვილის, აღნიაშვილის, გაიოზ რექტორისა და თამარის ქუჩებზე. აღნიშნულ მისამართებზე, გზის საფარის განახლების გარდა იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ეწყობა სანიაღვრე ქსელი.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, სამგორის რაიონში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაო ხორციელდება. შიდა კვარტალური ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს მე-3 მასივის მე-10 კვარტალში და ვარკეთილის I-II მიკრორაიონებში. აღნიშნულ მისამართებზე იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.

ამასთან, საყრდენი კედლები ეწყობა ქვემო სამგორში, N83 საჯარო სკოლის მიმდებარედ და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-4 ჩიხში. ვარკეთილის I მ/რ-ში, მე-15 კორპუსის მიმდებარედ კი სათამაშო მოედნის მოწყობა მიმდინარეობს“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.