სამომხმარებლო ელექტრონიკის სიახლეები, რომელსაც წელს ვიხილავთ

სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა (CES) ლას-ვეგასში ყოველწლიურად 1967 წლიდან იმართება და მასზე კომპანიები სამომხმარებლო ელექტრონიკის მომავალს წარმოადგენენ.

წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ბოლო სიახლეების შესახებ მსოფლიო ყველაზე ხშირად სწორედ ლას ვეგასის გამოფენიდან იგებს.

ხმოვანი მართვა და ინტერფეისის ახალი სახეობები

ამ სფეროში პირველობისთვის სამი ვირტუალური ასისტენტი იბრძვის: Amazon-ის ალექსა, Microsoft-ის კორტანა და Google-ის თანაშემწე. სამივე კომპანიას უნდა, რომ მათი ვირტუალური ასისტენტები სხვა მოწყობილობებს მართავდნენ. და როგორც ჩანს, ამ ბრძოლაში ჯერჯერობით „ამაზონი“ იმარჯვებს.

კომპანია OnVocal-ი წარმოადგენს უსადენო ყურსასმენებს, რომლებიც ალექსას უერთდება, ხოლო GE-მ უკვე წარმოადგინა ახალი მაგიდის ლამპა, რომელიც დინამიკის ფუნქციებსაც ითავსებს და Amazon-ის ხმოვანი ასისტენტის საშუალებით ირთვება.

მაგრამ მხოლოდ ხმოვანი კონტროლით კომპანიები არ შემოიფარგლებიან.

ფრანგული სტარტაპი Bixi ”ჟესტებით მართვის” ტექნოლოგიას ავითარებს. ისინი წარმოადგენენ მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც სმარტფონებისა და ტაბლეტების სამართავად ხელით შეხება აღარ დაგვჭირდება. მაგრამ უფრო განვითარებულად ითვლება სენსორული პლანშეტი Blitab, რომელსაც უკვე უწოდეს „iPad უსინათლოებისთვის”.

რობოტების წელიწადი?

ლონდონში მდებარე კომპანია Emotech-ი მაგიდის ბოტის, სახელად ოლის გამოშვებას გეგმავს. ოლის ჰყავს ჭკვიანი თანაშემწე, რომელიც ოჯახის სხვადასხვა წევრებს და მათ ხასიათს იცნობს.

ოლის შექმნაში ლონდონის საუნივერსიტეტო და სამეფო კოლეჯებისა და ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობდნენ, ხოლო პროექტის დაფინანსებაში ჩინელი ინვესტორი ჩაერთო, რომელმაც პროექტში 10 მილიონი დოლარი ჩადო.

ასევე ყურადღებას იქცევს იაპონური კომპანია Laundroid, რომელმაც Panasonic-ისა და სხვა კომპანიებისგან 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიპოვა. Laundroid-ი შექმნის გიგანტურ რობოტს, რომელიც გულდასმით კეცავს ტანსაცმელს.

პირველად ეს მოწყობილობა შარშანდელ გამოფენაზე წარმოადგინეს და, როგორც ჩანს, მან დამსწრეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის სფეროში ამ წელს ერთ-ერთი პოპულარული მიმართულება ორსულებსა და დაორსულების მსურველებზე გათვლილი ტექნოლოგიები იქნება.

მაგალითად, Аva - სამაჯური მგრძნობიარე გადამწოდი, რომელიც ამცნობს ქალებს, თუ როდისაა დაორსულებისთვის საუკეთესო დრო.

მომავალი მამებისთვის მოწყობილობა Trakfertility-ია შექმნილი. ის სპერტამოზოიდებს კონცენტრაციას ითვლის, შემდეგ კი ამცნობს მფლობელს, როგორ შეიძლება მათი რაოდენობის გაზრდა.

ასევე წელს დაგეგმილია მსოფლიოში პირველი ვიბრაციით აღჭურვილი ჯინსების დემონსტრირება. ეს ჯინსები დაეხმარება მფლობელს წინასწარ შედგენილი მარშრუტით იმოძრაოს და საჭირო დროს საჭირო მიმართულებით მოხვევის აუცილებლობის შესახებ ამცნობს.

ტელევიზორები

10 წლის წინ ექსპერტები ამბობდნენ, რომ მომავალში ყველა ისეთ ტელევიზორებზე გადავიდოდა, რომელთა მატრიცაშიც ძირითადი ფუნქციონალური ელემენტი ორგანული მანათობელი დიოდები (OLED) იქნებოდა. მაგრამ ეს ვარაუდები არ გამართლდა. OLED-ტელევიზორების სუსტი წერტილი მუქი ფერები გახდა.

მიუხედავად ამისა, OLED-ტელევიზორები ინარჩუნებენ პოპულარობას გამოსახულების სიკაშკაშისა და სიღრმის ხარჯზე.

Panasonic-მა უკვე დააანონსა, რომ წარმოადგენს გაუმჯობესებულ OLED-დისპლეის, რომელზეც ყველაზე მუქ სცენებში შავ ფერს ბევრი ელფერი ექნება. ამბობენ, რომ მსგავსი სიახლეები Sony-საც აქვს.

ჭკვიანი სახლები და ინტერნეტის სხვა საჩუქრები

ბოლო დროს სხვადასხვა პროდუქტებზე სენსორის დამატება ძალიან ფართოდ გავრცელებული მოვლენა გახდა. ამან იდეების უზარმაზარი ნაკადი წარმოშვა, თუმცა ზოგიერთი მათგანი არც ისე გონიერი იყო.

რამდენიმე კომპანიაში გადაწყვიტეს, რომ პირველ რიგში საჭიროა მაცივრების დახვეწა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მათ საკუთარი სტერილიზება შეეძლოთ, როგორც ამას LG-ის მოდელი აკეთებს.