საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების საქართველოს რეგიონებში გამართვას იწყებს.
როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, პირველი შეხვედრა ხვალ ქუთაისში გაიმართება.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. კობა გვენეტაძე მათ კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს.
იმერეთში ვიზიტის დროს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ადგილობრივი ბიზნესის და რეგიონის საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.
კობა გვენეტაძე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.