საქართველოს მასშტაბით 227 კერძო სკოლიდან 2016 წელს რეავტორიზაცია ცხრა კერძო სკოლამ ვერ გაიარა.
როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ავტორიზაციის გაუქმების ძირითადი მიზეზები, იმ სტანდარტების დარღვევა იყო, რომელთაც ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელი ავტორიზაციის მიღების, თუ რეავტორიზაციის პროცესში უნდა აკმაყოფილებდეს. ეს სტანდარტებია: საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური რესურსი და ადამიანური რესურსი.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განმარტებით, ძირითადად გამოიკვეთა მატერიალურ რესურსთან დაკავშირებული დარღვევები, სასკოლო გეგმის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან არათავსებადობა და მოსწავლეების შეფასების სისტემასთან დაკავშირებული ხარვეზები.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ წელს უარი ეთქვათ რეავტორიზაციაზე და ავტორიზაცია გაუუქმდათ კერძო სკოლებს: შპს ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა; შპს მზეკაბანი; შპს ნუნუ ავაგუმაშვილი; შპს საუნჯე - გორის კერძო საშუალო სკოლა საუნჯე; შპს ჯეო-რეალი; შპს თბილისის გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ვერის უბნის ლიცეუმი; შპს თამარი გარეჯელი; შპს სკოლა-ნიკე; შპს ჯორჯ ვაშინგტონ ემერიკან სქულ ი.ა. ამასთან, წელს რეავტორიზაცია ვერ გაიარა კერძო სკოლამ ”ლამპარი”.
როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, არც ერთი მოსწავლე სკოლის გარეშე არ დარჩება და ავტორიზაცია გაუქმებული სასწავლებლების მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა მიმართონ. სხვა სკოლაში გადასვლა მობილობის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება ზოგადად, ავტორიზაციის პროცესს. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. ავტორიზაცია ადგენს დაწესებულების შესაბამისობას შემდეგ სტანდარტებთან: საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი.
ავტორიზაციის პროცესი ხუთ წლიანია. საგანმანათლებლო დაწესებულებას ხუთი წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, რეავტორიზაციაზე განაცხადი შეაქვს. განაცხადს საბჭო განიხილავს.