შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფსიქიატრიული დაწესებულებების დაფინანსების ახალ სქემასთან დაკავშირებით გამოთქმულ პროტესტს ეხმაურება.
როგორც დავით სერგეენკო განმარტავს, საკუთრივ ბიუჯეტი არ შემცირებულა და მოხდა დაფინანსების მეთოდოლოგიის ცვლილება.
„ამ ცვლილებით უკმაყოფილო კლინიკებმა, გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და მხარდამჭერების ჯგუფმა ჩვენი ეს მეთოდოლოგიის ცვლილებები წარმოადგინეს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ერთგვარი რეტროგრადულობა, რომ ჩვენ წინააღმდეგები ვართ დეინსტიტუციონალიზაციის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში.
ეს კომპლექსური საკითხია, მე გეტყვით მათგან სამ საკვანძოს: პირველი არის ის, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტები (უხშირეს შემთხვევაში ეს ქრონიკული პაციენტები არიან) მკურნალობას გადიოდნენ არა დიდი ზომის სპეციალიზირებულ ფსიქიატრიულ კლინიკებში, არამედ მცირე ზომის და ხშირად სხვა სერვისებთან ინტეგრირებულ განყოფილებებში.
მეორე მოცემულობაა - ნაკლები მკურნალობის საჭიროებისას ნაკლები დრო გაატაროს პაციენტმა სტაციონარში, მეტი კი ამბულატორიაში ან თემაზე დაფუძნებულ სერვისებში.
მესამე - დეინსტიტუციონალიზაცია არის ბევრად უფრო ხარჯეფექტური მოდელი, ვიდრე არა დეინსტიტუციონალიზირებული.
რეალურად, რა მოხდა ამ აჟიტირებული მოვლენების უკან? - მწვავე შემთხვევების მართვის დროს, როდესაც ქრონიკული დაავადება მწვავდება და პაციენტს აქვს მწვავე ფსიქოზი, ასეთ შემთხვევაში აბსოლუტურ უმრავლესობაში, ის საჭიროებს სტაციონარში მკურნალობას. სტაციონარში მკურნალობის ანაზღაურების მეთოდი იყო ერთი შემთხვევის მართვა ფიქსირებულად, იმ ერთი თვის განმავლობაში. ჩვენმა მონიტორინგმა უტყუარად დაადგინა, რომ კლინიკები არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან წერდნენ დროზე ადრე, პაციენტი ამავე თვეში განმეორებით ან მეტჯერ შედიოდა იმავე ან სხვა კლინიკაში იმისთვის, რომ ამ კლინიკებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამოეწერათ ზედმეტი თანხა და ამას აკეთებდნენ პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე. მწვავე ფსიქოზის დროს პაციენტს განსაკუთრებული მოვლა და მკურნალობა სჭირდება“, - განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ამ ყველაფერის უკან დგას იმ კლინიკების ფინანსური ინტერესები, „რომლებიც ყველაზე მეტად ხმაურობდნენ ამ დღეებში“.
„ის ცვლილებები, რაც გატარდა, იყო მხოლოდ პაციენტის ინტერესებისკენ მიმართული და ეს არ იქნება ბოლო. ჩვენ ვითანამშრომლებთ როგორც არასამთავრობო, ისე პროფესიულ ორგანიზაციებთან და რეფორმები, პირველ რიგში, იქნება პაციენტების ინტერესებისკენ მიმართული“, -აღნიშნა სერგეენკომ.