სერგო რატიანი - გასარკვევია თუ რა მასშტაბის ზიანი მიაყენა ხელისუფლებამ ქვეყანას ”გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულებით

გასარკვევია თუ რა მასშტაბის ზიანი მიაყენა ხელისუფლებამ ქვეყანას ”გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულებით , - ამის შესახებ ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც რატიანმა აღნიშნა, საპარლამენტო უმცირესობას არაერთი ნაბიჯი აქვს დაგეგმილი, რათა ”გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულება გასაჯაროვდეს.

”საქართველოს ხელისუფლებამ ”გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში ჩაიდინა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ზიანი მიაყენა როგორც ენერგოუსაფრთხოებას, ასევე საქართველოს ეკონომიკას. გასარკვევია თუ რა მასშტაბის არის ეს ზიანი. შესაბამისად, აუცილებელია შეთანხმება გახდეს საჯარო. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები. დავიბარეთ ჯერ ენერგეტიკის მინისტრი პარლამენტში, რომელიც არ მოვიდა და ფაქტობრივად კანონი დაარღვია. ასევე მოთხოვნილი გვაქვს ამ საკითხზე პოლიტიკური დებატები, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ გვექნება სხვა ნაბიჯებიც იმისთვის, რომ იცოდეს საზოგადოებამ, რა დონის მავნებლობა აქვს ჩადენილი ”ქართულ ოცნებას”, - განაცხადა სერგო რატიანმა.

სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. მიმდინარე თვეს ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.