დავით სერგეენკო - სამინისტროს უფლება მიეცა, რომ კლინიკებისგან არასწორად მოთხოვნილი თანხები შემდეგი თვეების ანაზღაურებიდან დაქვითოს

ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილება მიეცა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, კლინიკებისგან არასწორად მოთხოვნილი თანხები შემდეგი თვეების ანაზღაურებიდან დაქვითოს , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, 2017 წლის დასაწყისიდან ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმების მთელი რიგი გამოაცხადა, „რომელიც შეჯამებულად შეიძლება გამოიხატოს პაციენტის უსაფრთხოების, მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარების მიღების კონცეფციაში“.

მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმები რიგ მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს.

„დღეს მთავრობის სხდომაზე დასრულდა მსჯელობა და მიღებულ იქნა მთავრობის გადაწყვეტილება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტით ადმინისტრირებული თანხების კლინიკების მიერ არასწორად მოთხოვნილი და შემდგომში გასაჩივრებული ფინანსური ჯარიმებისა და სანქციების ჩათვლის თაობაზე. მოკლე შინაარსი არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ორი სააგენტო, რომლის ამოცანაცაა ერთი მხრივ, ხარისხზე ზრუნვა, მეორე მხრივ, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დახარჯული თანხების მიზნობრიობის შემოწმება. ამ შემდეგად მთელი ამ წლების განმავლობაში იკვეთებოდა გარკვეული წილი, როდესაც კლინიკებს არასწორად ჰქონდათ მოთხოვნილი თანხები, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო ადგენდა შესაბამის ადმინისტრაციულ აქტს, თუმცა შემთხვევების უმრავლესობაში ასეთი დავები გადადიოდა სასამართლოში და სადავო საკითხის მოცულობიდან და სპეციფიურობიდან გამომდინარე, გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში, ზოგჯერ წელიწადზე მეტი. ამ ხნის განმავლობაში ეს სადავო თანხები იყო გაყინული, უმოძრაო, რაც სერიოზული პრობლემა იყო ერთი მხრივ, ბიუჯეტის პარამეტრების ადეკვატური შესრულებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, კლინიკებთან ადეკვატური საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად“, - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სანამ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, იქამდე ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლებამოსილება, რომ მისი აზრით, არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ ჩათვლები გააკეთოს, ანუ დაქვითოს შემდგომი თვის ანაზღაურებებიდან.

„მოკლე სტატისტიკით ასეთ საკითხებზე სასამართლო დავების 95%-ზე მეტი ჯანდაცვის სამინისტროს მოგებული აქვს. მაგალითად, მასშტაბებზე რომ შევიქმნათ წარმოდგენა, მიმდინარე საქმეებია 21-ზე მეტ კლინიკასთან 100-ზე მეტ შემთხვევაზე, ჯამში 8 მილიონზე. ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სფეროში თანხების აქტიურ ფინანსურ მიმოქცევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მეორე მხრივ, უფრო მოქნილს გახდის თანხების ადმინისტრირებას. გასაგებია, რომ კლინიკების ნაწილს ეს არ მოეწონებათ, რადგან გამოკვეთილები არიან კლინიკები, რომლებიც ფაქტობრივად, უსასრულოს ხდიან ამ სასამართლო დავებს. ამ დადგენილებით ჩვენ საშუალება მოგვეცემა, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და პირველ რიგში, პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით განვახორციელოთ ეს ცვლილებები“, - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა დღეს მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ განმარტა.

„მაგალითად, X კლინიკის მიერ წარმოდგენილი ანგარიში მათი შესრულებული სამუშაოს შესახებ გაკონტროლდა, გაანალიზდა ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური სამსახურების მიერ და მათ დაადგინეს ადმინისტრაციული წესით და არსებული კანონმდებლობით, რომ გარკვეული თანხა იყო არასწორად მოთხოვნილი. მოითხოვეს ამ თანხის დაბრუნება და რიგ შემთხვევაში საჯარიმო სანქციები მიანიჭეს. ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ აქტს არ აქვს სავალდებულო აღსრულების ძალა, ამიტომ ხშირ შემთხვევებში კლინიკები ჩვენს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. ჩვენ არ უარვყოფთ გასაჩივრების გზას, თუმცა საკითხის სპეციფიურობიდან გამომდინარე, დროში რომ არ გაიწელოს და იმ წლის ბიუჯეტის აღსრულება აღარ გადავიდეს შემდეგ წლის და ზოგ შემთხვევაში შემდეგი 2 წლის ბიუჯეტში, ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭება იმის უფლებამოსილება, რომ არასწორად მოთხოვნილი თანხები დაქვითოს შემდეგი თვეების ანაზღაურებიდან“, - განაცხადა სერგეენკომ.